მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

250 სამედიცინო მომსახურებაზე 100% და მეტი ფასნამატია…- დარღვევებს ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ - კონკურენციის სააგენტო

ლექვინაძე

ჯანდაცვის სერვისების ინფლაციის მიზეზებს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ერთი წელია იკვლევს. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, მხოლოდ 2025 წელს 13 000-მდე სამედიცინო სერვისი შეისწავლეს, საიდანაც ფასების ზრდა მხოლოდ 400-მდე მომსახურებაზე დაფიქსირდა, აქედან კი დაახლოებით 250 მომსახურებაზე ფასი 100%-ით და მეტით არის გაზრდილი.

სააგენტო ახლა კონკრეტული სერვისების ხარჯთაღრიცხვას ამუშავებს, რათა დეტალურად დაადგინოს ფასების ზრდის გამომწვევი მიზეზები. ამ ეტაპზე სააგენტო დარღვევებს ვერ ხედავს და კომპანიებისგან ფასების ზრდასთან დაკავშირებით დასაბუთებულ არგუმენტაციას ელოდება.

“სამედიცინო სერვისების ფასების ზრდასთან დაკავშირებით ჩვენ ერთი წელია ვაკეთებთ ბაზრის მონიტორინგს. შესწავლილია ბოლო სამი წელი, ახლა კი 2026 წლის ცხრა თვის მონაცემების განახლება მიმდინარეობს. 2025 წლის მონაცემებით, ჩვენ დათვლილი გვაქვს დაახლოებით ფასები 13 000-მდე სამედიცინო სერვისზე. მხოლოდ 400-მდე მომსახურება ვნახეთ ისეთი, სადაც ფასები 100%-ით და მეტით გაზრდილია სადღაც 250 მომსახურებაზე. ამ ეტაპზე ჩვენ ვმუშაობთ კონკრეტული სერვისების ხარჯთაღრიცხვის პროცესზე, რომ უფრო დეტალურად დავინახოთ რით არის აღნიშნული პროცესი გამოწვეული.

ჯამში მინდა გითხრათ, რომ 170-ზე მეტი სამედიცინო ობიექტის მონაცემი გვაქვს მიღებული. ამ ბაზარზე კონკურენციის ხარისხი საკმაოდ მაღალია, კონცენტრაციის ხარისხი დაახლოებით 1000 ერთეულამდეა, რაც მიუთითებს დაბალკონცენტრირებულ ბაზარზე, თუმცა გვაქვს იდენტიფიცირებული რიგი საკითხები, რომელსაც, როდესაც დასრულდება მონიტორინგი და ამის გამოქვეყნებასა და საჯაროობას უზრუნველვყოფთ, რა თქმა უნდა კოორდინაციით ჯანდაცვის სამინისტროსთან, ბუნებრივია საზოგადოებას ექნება საშუალება, რომ ნახოს.

დარღვევებს ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ. ახლა მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა წარმოადგინონ დასაბუთებული არგუმენტაცია, თუ რისგან არის განპირობებული გარკვეულ მიმართულებებზე ფასების ზრდა. ეს შეიძლება იყოს გარკვეულ საოპერაციო პროცესების გაძვირებით, შეიძლება იყოს ხელფასებით, შეიძლება იყოს რიგი სხვადასხვა გადაწყვეტილებებით, ამიტომ ბუნებრივია ველოდებით მათგან ამ დასაბუთებას.

რასაც ვუყურებთ, ამ ბაზარზე კონკურენცია არსებობს, შეინიშნება გამსხვილების პროცესი. არის როგორც ჰორიზონტალურ, ასევე ვერტიკალურ ჭრილში ბიზნესების გაერთიანებები. ვხედავთ უფრო მეტ პრობლემას მომხმარებლის ინფორმირების ნაწილში. ვფიქრობთ, რომ რაც უფრო მეტი ინფორმაცია ექნება მომხმარებელს სამედიცინო სერვისებზე, ტარიფებზე, სხვადასხვა ალტერნატივებზე, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მხარს დაუჭერს მომხმარებლისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას”,-აცხადებს სააგენტოს ხელმძღვანელი და დასძენს, რომ ჯანდაცვის სერვისების მონიტორინგის შედეგები წლის ბოლოს გამოქვეყნდება.

ჯანდაცვის მინისტრი კი ამტკიცებს, რომ ფასები სახელმწიფოს დაფინანსებულ სერვისებზე არ გაზრდილა, თუმცა მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ისეთი სერვისები, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ ფარავს მუდმივი დაკვირვების საგანს უნდა წარმოადგენდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები