მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 7 თვეში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA) 1508 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო ზარების რაოდენობა 4655 იყო. განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 106%-ით არის გაზრდილი.
7 თვის მონაცემებით, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 204 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 472 საქმეზე. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 93 მოვაჭრეს - 221 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 214 398 ლარის ოდენობით. ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 139 საქმეზე - 120 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის განაცხადების 70% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 30% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას, დიდი წილი - 79% თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები - აჭარა 6%, იმერეთი 4%, ქვემო ქართლი 2%, კახეთი 2%, სამეგრელო ზემო-სვანეთი 2% და სხვ.
მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 628 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 334, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 355, ხოლო სხვა დანარჩენზე - 191.
სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 70%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 12%, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 3%, ხოლო სხვა სახის საქმიანობები 15%.




























