მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA) მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით 2 237 განაცხადი შევიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 100%-ით (ორჯერ) გაზრდილი მაჩვენებელია. ამავე პერიოდში სააგენტოში შემოსული ზარების რაოდენობამ 6 795 შეადგინა.
სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის 287 ფაქტი დადასტურდა (სულ 622 საქმე).
დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სააგენტომ 158 მოვაჭრე 330 საქმეზე დააჯარიმა, ჯარიმების საერთო მოცულობამ კი 337 033 ლარი შეადგინა.
ამასთან, GCCA-მ მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 165 გადაწყვეტილება მიიღო (187 საქმე). აღნიშნული მექანიზმით მოვაჭრეები იღებენ ვალდებულებას, შეცვალონ შიდა სავაჭრო პოლიტიკა და ზიანი აუნაზღაურონ დაზარალებულ მომხმარებლებს.
სტატისტიკის მიხედვით, მომხმარებელთა პრეტენზიების აბსოლუტური უმრავლესობა ელექტრონულ კომერციას უკავშირდება:
- ონლაინ ვაჭრობა - 68%;
- ადგილზე (ფიზიკურ ობიექტში) შეძენა - 32%.
რას ითხოვს მომხმარებელი ყველაზე ხშირად?
სააგენტოში შესული განაცხადების ძირითადი ნაწილი გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას შეეხებოდა:
- თანხის დაბრუნება - 917 განაცხადი;
- ნაკლიანი მომსახურებისას უფლების აღდგენა - 551 განაცხადი;
- ნაკლიანი ნივთის შეცვლა ან შეკეთება - 481 განაცხადი;
- სხვა საკითხები - 288 განაცხადი.
მომხმარებელთა განაცხადების ყველაზე დიდი წილი - 66% საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორზე მოდის. 12% ტრანსპორტირებისა და დასაწყობების სფეროს უკავშირდება, 3% - ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორს, ხოლო 19% სხვა სახის ეკონომიკურ საქმიანობებზე განაწილდა.
რაც შეეხება გეოგრაფიულ განაწილებას, მომართვიანობის 80% თბილისზე მოდის. რეგიონების მიხედვით ლიდერობს აჭარა (6%) და იმერეთი (4%). ქვემო ქართლზე, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთზე თითოეულზე 2% მოდის, ხოლო შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, გურიასა და მცხეთა-მთიანეთში მაჩვენებელი 1-1%-ია.
























