მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაძვირდა საქართველოში საწვავი? - ნავთობიმპორტიორთა კავშირის განმარტება

კალონკა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში საწვავის გაძვირება საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდას უკავშირდება.

როგორც კავშირის თავმჯდომარემ BMG-ის განუცხადა, მას შემდეგ, რაც საქართველოსთვის რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობპროდუქტები გაძვირდა, მოგვიანებით კი საწვავის ექსპორტი დროებით ისევ აიკრძალა, საქართველო სხვა ბაზრებზე, მათ შორის ევროპულ ქვეყნებზე გადაერთო.

ვახტანგ იობაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში ისეთი ქვეყნებიდან შემოდის საწვავი, როგორიცაა რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, თურქმენეთი. შესაბამისად, მისი თქმით, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის გაძვირება გავლენას ადგილობრივ ბაზარზეც ახდენს.

ვახტანგ იობაშვილის განცხადებით, რთულია პროგნოზირება, გაგრძელდება თუ არა ადგილობრივ ბაზარზე საწვავის გაძვირების ტენდენცია მომავალშიც.

„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ რუსეთის მხრიდან საწვავზე დაწესებული მორიგი ემბარგო ჩვენთან ნავთობპროდუქტებზე ფასნამატს არ გამოიწვევდა. რუსეთი ბოლო პერიოდში საწვავს ისეთ დაბალ ფასად აღარ გვაძლევდა, როგორც ეს შარშან იყო და ფაქტობრივად გათანაბრებული იყო ფასები ევროპულთან. შესაბამისად, ქართველმა ნავთობიმპორტიორებმა ევროპული საწვავი მოიმარაგეს და ჩვენ ამ ხნის განმავლობაში სტაბილურად გვქონდა ფასები. მე ასევე სულ ვამბობდი, რომ თუკი გლობალურ სანავთობო ბაზარზე ფასები აიწეოდა და ნავთობი გაძვირდებოდა, ამას ბუნებრივია, საქართველოზე გავლენა ექნებოდა. ეს პროცესი დაიწყო და ჩვენც ვნახეთ ბოლო დღეებში საქართველოში საწვავის 3-4 თეთრიანი გაძვირება. ეს ბაზარი ისეთია, წინასწარ გათვლებს ვერ გააკეთებ, თუმცა თუკი ფასების ზრდა გაგრძელდება, ეს ჩვენზეც აისახება“, - განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.

ცნობისთვის, საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასი მზარდია და ბრენტის მარკის ნავთობის ღირებულება ბოლო 1 თვეში 14%-ით 90 დოლარამდეა გაზრდილი.

ამასთან, საქართველოს ბაზარზე არსებულ სხვადასხვა ბრენდის გასამართ სადგურებზე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საწვავმა გაძვირება დაიწყო და სხვადასხვა ტიპის ნავთობპროდუქტებზე ფასები 2-5 თეთრითაა გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები