კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, საწვავის ბაზარზე ფასები სამართლიანია და თანხვედრაშია საერთაშორისო ფაქტორებთან.
როგორც ირაკლი ირაკლი ლექვინაძემ „საქმის კურსის“ ეთერში აღნიშნა, ადგილობრივ ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასების კლება თებერვლიდან დაიწყო. თუმცა მისივე განცხადებით, ფიქსირდება ტენდენცია, რომ მცირე ქსელებში მსხვილ ბენზინგასამართ სადგურებთან შედარებით, ფასების კლების ტემპი უფრო სწრაფია.
კონკურენციის სააგენტოში მოლოდინი აქვთ, რომ საერთაშორისო ფაქტორების შენარჩუნების შემთხვევაში, ნავთობპროდუქტების გაიაფების ტენდენცია მსხვილ ქსელებში მომდევნო პერიოდშიც უნდა გაგრძელდეს.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე [ნავთობპროდუქტებზე] ფასები სამართლიანია და ის იმ ტენდენციებს შეესაბამება, რომელიც საქართველოში საწვავის ფასებზე ახდენს გავლენას, ესაა საერთაშორისო ფასები და ლარის კურსი. იანვარში გარკვეულწილად ფასები გაიზარდა და ეს იმით აიხსნება, რომ იმპორტის თვითღირებულება გაზრდილი იყო. 1 თებერვლიდან 1 აპრილის ჩათვლით ვითარებას თუ ავიღებთ, აქ უკვე კლების ტენდენცია გვაქვს, რაც უკავშირდება ასევე მსოფლიო ბაზარზე ფასების შემცირებას და ადგილობრივი ვალუტის გამყარებას.
მსოფლიო ბაზარზე მკვეთრი კლება აპრილში დაფიქსირდა, შესაბამისად, გაიაფებულ იმპორტზე ალბათ ეს თვის ბოლომდე უფრო მეტად აისახება. ვფიქრობთ, რომ მაისში, თუ ეს ფაქტორები უცვლელი დარჩა, კიდევ უნდა ველოდეთ დამატებით ფასების ყველა ტიპის საწვავზე კლებას. მცირე ქსელებში, რომლებიც ბაზრის დაახლოებით 35%-ზე არიან წარმოდგენილები, ეს კლება უკვე ასახულია. თუ შევხედავთ ფასების კონტრასტს ერთი და იგივე ტიპის საწვავზე, სხვაობა მცირე ქსელებსა და მსხვილ ქსელებს შორის ამ ეტაპზე გაზრდილია. ეს კი იმას უკავშირდება, რომ მცირე ქსელები ფასების კლების კონტექსტში ბევრად უფრო მოქნილები არიან. თუმცა ვთვლით, რომ მარაგებიდან გამომდინარე, მსხვილი ქსელებიც ამ ფაქტორების გავლენით, ფასების კლებას შესაბამისად ასახავენ“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.




























