მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

24 საათში NETFLIX-ის საბაზრო ღირებულება $54 მილიარდით შემცირდა, კომპანიის აქციები 35%-ით დაეცა

62613b1fe8bf1
გიორგი თოლორდავა
21.04.22 14:40
2379
2022 წლის პირველ კვარტალში სტრიმინგ-სერვისების უმსხვილეს პლატფორმას, Netflix-ს, უაღრესად არასახარბიელო შედეგები ჰქონდა - ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ ათწლეულში პირველად Netflix-ის გამომწერების საერთო რაოდენობა არ გაზრდილა და კვარტალი 200,000-იანი დანაკარგით დასრულდა. იმედგამაცრუებელ შედეგებს თან ერთვის ნეგატიური მოლოდინებიც - Netflix-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის მეორე კვარტალში გამომწერთა რაოდენობა დამატებით 2 მილიონით შემცირდება, ზრდის ტემპი კი შემცირებას, სავარაუდოდ, ვერ გადააჭარბებს.

არასახარბიელო შედეგების გასაჯაროებას ამერიკულ საფონდო ბირჟებზე კომპანიის აქციების მკვეთრი შემცირება მოჰყვა, გასულ 24 საათში Netflix-ის აქციები თითქმის 35%-ით დაეცა, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი ერთ დღეში დაახლოებით 54.4 მილიარდი დოლარით შემცირდა, რაც ვარდნის რეკორდული მაჩვენებელია.

ისტორიულ მონაცემებზე დაკვირვება ვითარების სიმწვავეს უფრო მეტად ააშკარავებს: მიმდინარე წლის დასაწყისიდან Netflix-ის საბაზრო ღირებულება 62%-ითაა შემცირებული, 2021 წელის ოქტომბერში დაფიქსირებულ რეკორდულ ფასთან ($690) შედარებით კი კომპანიის აქციების ღირებულება თითქმის 67%-ითაა შემცირებული - ამჟამად Netflix-ის თითო აქცია ბირჟაზე 226 დოლარად ივაჭრება.

საგულისხმოა, რომ Netflix-ის აქციების გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო ცნობილმა ამერიკელმა ინვესტორმა, ბილ ეიკმანმაც, რომელმაც კომპანიის 3 მილიონი აქცია $400-მილიონიანი წაგებით გაყიდა. მისი განცხადებით, Netflix-ის სამომავლო პერსპექტივა ბუნდოვანია, ზრდის პოტენციალი კი არ ჩანს.

გამომწერთა რაოდენობის შემცირების ძირითად მიზეზად Netflix-ის წარმომადგენლები სტრიმინგ-სერვისების სექტორში კონკურენტი პლატფორმების (Amazon Prime Video, Disney+, Apple TV Plus, HBO Max, Hulu) გააქტიურებას ასახელებენ. მომხმარებელთა რაოდენობის შემცირების მიზეზად კომპანია რუსეთ-უკრაინის ომსაც ასახელებს, Netflix-ის შეფასებით, მხოლოდ რუსეთის ბაზრიდან გასვლით პლატფორმამ 700,000 გამომწერი დაკარგა.

Netflix-ის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ გამოწვევად ანგარიშების გაზიარების პრაქტიკა სახელდება. მომხმარებელთა ნაწილი პაროლებს აზიარებს და ერთი გამოწერის სანაცვლოდ Netflix-ის სერვისებით რამდენიმე ადამიანი სარგებლობს. კომპანიის ვარაუდით, ანგარიშების გაზიარებით 100 მილიონამდე მომხმარებელი სარგებლობს - მათთვის გაწეული სერვისების სანაცვლოდ კი, კომპანია შესაბამის ფინანსურ სარგებელს ვერ იღებს.

აღსანიშნავია, რომ ოთხშაბათს საფონდო ბირჟებზე სტრიმინგ-სერვისების სექტორში წარმოდგენილი სხვა კომპანიების აქციებიც შემცირდა: Paramount (-8.6%); Disney (-5.6%); Amazon (-2.6%); Apple (-0.1%). ინვესტორების შეფასებით, გამოწერების რაოდენობის შემცირება მხოლოდ კომპანია Netflix-ის პრობლემა არ არის და ის გაცილებით მასშტაბურ გლობალურ ტენდენციას ასახავს. სტრიმინგ-სერვისებზე მოთხოვნა მსოფლიოს მასშტაბით იკლებს, რადგან COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის კლებისა და რეგულაციების გაუქმების ფონზე, მოსახლეობის დიდ ნაწილს აღარ უწევს სახლში დარჩენა და, შესაბამისად, მათ ნაკლები დრო რჩებათ ფილმებისა თუ სერიალების სანახავად.

რაც შეეხება პოზიტიურ მოლოდინებს, კომპანია გეგმავს, რომ ანგარიშების გაზიარების პრობლემა გადაჭრას და პლატფორმაზე რეკლამების განთავსების სერვისებიც დაამატოს, რაც Netflix-ის შემოსავლიანობაზე, სავარაუდოდ, დადებითად აისახება.

გრძელვადიან პერსპექტივაში, ინვესტორთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კომპანიას საკმაოდ ძლიერი ფუნდამენტური ფაქტორების აქვს: საინტერესო და მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა, ერთგული გამომწერები და ექსკლუზიური პროექტები, რომელთა გათვალისწინებითაც შეიძლება ითქვას, რომ Netflix-ს ზრდის გარკვეული პოტენციალი აქვს. მოკლევადიან პერსპექტივაში კი, აქციების ფასების მერყეობა და ვოლატილობის მაღალი დონე ტრეიდერებისთვის საინტერესო შესაძლებლობებს ქმნის.


შესაძლებლობა ინვესტორთა და ტრეიდერთათვის:

გასულ წელს საქართველოს ბანკმა Galt&Taggart-თან თანამშრომლობით შექმნა ინვესტირების სპეციალური პლატფორმა, რომელიც მობილბანკითაა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ათასობით კომპანიის, მათ შორის, NETFLIX-ის აქციითა და ფასიანი ქაღალდით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს, ინვესტირებისა თუ ტრეიდინგის დაწყება კი 1 დოლარითაც არის შესაძლებელი.