მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nexia TA-მ „საუკეთესო დამსაქმებლის“ ტიტული მოიპოვა

61bb51658a723
ვიქტორია მღებრიშვილი
16.12.21 16:00
375
13 დეკემბერს ევროკავშირის პროექტის „ტექნიკური მხარდაჭერა შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული ცოდნა-უნარების განვითარებისთვის“ (TA for Skills4Jobs) მხარდაჭერით გაიმართა ღონისძიება, რომელიც უკავშირდებოდა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს 2020-2021 საქმიანობის ანგარიშის წარდგენას.

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს საქმიანობის ანგარიში ჩაიბარა. შეხვედრაზე სააგენტოს ორწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამეს.

ღონისძიებაზე Nexia TA დაჯილდოვდა „საუკეთესო დამსაქმებლის“ ტიტულით განსაკუთრებული თანამშრომლობისა და დასაქმების ხელშეწყობისთვის.



Nexia TA მუდმივად ჩართულია ახალგაზრდების პროფესიული განვითარებისა და დასაქმების ხელშემწყობ ღონისძიებებში. შესაბამისად, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან თანამშრომლობით კომპანიაში სტაჟირება გაიარა 15-მა ახალგაზრდამ. კომპანიის მიერ წარმოდგენილ სხვადასხვა ვაკანტურ თანამდებობაზე დასაქმდა 5 სტაჟიორი, ხოლო პროგრამაში მონაწილე დამატებით 8 პირი დღემდე აგრძელებს თანამშრომლობას კომპანიის სხვადასხვა მიმართულების დეპარტამენტებში. 

“მოხარულები ვართ, რომ საშუალება მოგვეცა ჩართულები ვყოფილიყავით სახელმწიფო პროგრამაში დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით. დღეს, პანდემიურ გარემოში ქვეყნის მასშტაბით დასაქმების საჭიროება და, შესაბამისად, მსურველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. სწორედ ამიტომ ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა „საუკეთესო დამსაქმებლის“ ტიტულის მოპოვება, რაც გვაფიქრებინებს, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ ამ რთულ პერიოდში შრომის ბაზარზე მდგომარეობის გაუმჯობესებაში და ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებაში“, - განაცხადა Nexia TA-ს მმართველმა პარტნიორმა ბორის მეგრელიშვილმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები, დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები.
(NS)