მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკა მელია და კახა კალაძე ეგზიტპოლების შედეგებს ეხმაურებიან

61588793b8843
თელარა გელანტია
02.10.21 20:19
1701
სამი ტელეკომპანიის - „მთავარი არხის“, „ფორმულას“ და „იმედის“ დაკვეთის გამოცხადებული ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ თბილისის მერობის კანდიდატებმა თავიანთ მხარდამჭერებს მიმართეს.

„ნაციონალური მოძრაობა“, ნიკა მელია: „ძალიან დიდი მადლობა ყველა ამომრჩეველს, ძალიან დიდი მადლობა მათ აქტიურობისთვის, გვერდში დგომისთვის ამ ქვეყნის მომავლის საკეთილდღეოდ. ჩვენ დღეს თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პირწმინდად წააგო პოლიტიკური ცენტრი - დედაქალაქი და საკრებულო იქნება ოპოზიციური პარტიების მიერ დაკომპლექტებული. ვნახეთ შედეგები მერის არჩევნების ნაწილში - აქ გაიმართება მეორე ტური... ახლა მთავარია თითოეული ხმა დავიცვათ. თითოეული ხმა იქნეს დაცული“.

„ქართული ოცნება“, კახა კალაძე: „მზად ვარ 24-საათიან რეჟიმში ვემსახურო ამ ქალაქის განვითარებას და აღმშენებლობას. დღეს ყველაზე მეტად რაც სჭირდება ამ ქვეყანას, ეს არის მშვიდობა და სტაბილურობა. შესაბამისად, დღევანდელი ჩვენი წარმატება მოგვცემს ამის შესაძლებლობას, რომ შემდეგი სამი წელი მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რათა კეთილდღეობა იგრძნოს თითოეულმა მოქალაქემ. თქვენ იცით, რომ 2024 წელს არის საპარლამენტო არჩევნები. მანამდე ძალიან დიდი დრო გვაქვს“.

რაც შეეხება პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის და თბილისის მერობის კანდიდატ გიორგი გახარიას შეფასებას, როგორც პარტიაში აცხადებენ, ის განცხადებას მხოლოდ ცესკო-ს მიერ ოფიციალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გააკეთებს.