მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ასეთი პრაქტიკა დამხვდა მთავრობაში, მეც დიდი დრო არ დამიხარჯავს მის შეცვლაზე - ღარიბაშვილი განკარგულებებზე

გახარია

ასეთი პრაქტიკა დამხვდა მთავრობაში. მეც დიდი დრო არ დამიხარჯავს მის შეცვლაზე - ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ახლა უკვე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას - რატომ გააგრძელა მან გიორგი გახარიას პრემიერობის დროს დანერგილი განკარგულებების გამოუქვეყნებლობის პრაქტიკა.

ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვას რთული უწოდა და განაცხადა, რომ მთავრობის განკარგულებების გამოქვეყნება მანდატორული წესი არ არის.

„ვფიქრობ, როგორ გიპასუხოთ ამ რთულ შეკითხვაზე... ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, მე არცერთი უკანონო გადაწყვეტილება არ მიმიღია. ყველა გადაწყვეტილება იყოს კანონის შესაბამისობაში სრულად. არცერთი გადაწყვეტილება არ მიმიღია, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს შეეწინააღმდეგებოდა. ნებისმიერი ინფორმაცია არასდროს მქონდა დამალული, დაფარული. ჩემი პოზიცია იყო შემდეგი, გულწრფელად აგიხსენით - როდესაც მე კითხვით ყველაზე კორუმპირებული, ყველაზე დახურული, ანტიევროპული, ანტიქართული ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მომმართავდნენ, მქონდა პროტესტი. ბუნებრივია, ჩვენი რეაგირებაც შესაბამისი იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ პასუხს ვცემდით და კანონის შესაბამისად ვიქცეოდით, მაგრამ ამის ვალდებულება არ არსებობდა. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა. მოგეხსენებათ, რომ არსებობს „ღია მმართველობის საბჭო“ და საქართველო ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს შეუერთდა. ჩემი პრემიერის დროს საქართველო ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო. მთავრობის ეფექტიანობის კუთხით, მთავრობის კეთილსინდისიერების კუთხით, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ყველა მიმართულებით ჩემი მთავრობა ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს იყო მოწინავე პოზიციებზე.

რაც შეეხება განკარგულებების გამოქვეყნებას, ასეთი პრაქტიკა დამხვდა მთავრობაში. მეც დიდი დრო არ დამიხარჯავს ამ პრაქტიკის შეცვლაზე. არ არის საერთაშორისო დადგენილი წესი და სტანდარტი გინდა თუ არა ყველა განკარგულება უნდა გამოქვეყნდეს. ეს არ არის მანდატორული წესი და პრაქტიკა. ჩვენ დავამუშავეთ ბევრი ქვეყნის მაგალითი. აიღეთ აშშ, ევროპის სახელმწიფოები, გგონიათ, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა?! თქვენ, მედია რატომ არ ითხოვდით ამ თუ იმ განკარგულების ასლს? მე გაგიზიარებდით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა თითქმის სამი წელია განკარგულებებს აღარ აქვეყნებდა, ბოლო გამოქვეყნებული განკარგულება 2020 წლის სექტემბრით თარიღდებოდა, თუმცა, რამდენიმე დღის წინ მთავრობამ კვლავ დაიწყო განკარგულებების გამოქვეყნება.

საქართველოს მთავრობის რეგლამენტი მთავრობის ადმინისტრაციას პირდაპირ ავალდებულებს, მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული საკითხებისა, მიღებიდან ვებგვერდზე მაქსიმუმ სამ დღეში ატვირთოს. აღსანიშნავია, რომ მთავრობის თითქმის ყველა სხდომაზე რამდენიმე განკარგულება მაინც მტკიცდება ხოლმე. ხშირია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზაცია, სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემა ფიზიკური პირებისთვის თუ კომპანიებისთვის და ა.შ.

3-წლიანი პაუზის შემდეგ მთავრობამ პირველი განკარგულება გამოაქვეყნა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები