სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანი დღეს პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი მოინახულა.
როგორც მან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ირაკლი ღარიბაშვილს საპატიმრო პირობებზე, ადმინისტრაციის მხრიდან მის მიმართ მოპყრობაზე არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს და რასთან დაკავშირებითაც მას პრეტენზია ჰქონდა, იყო პაემნის გაუქმება.
"ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი მოვინახულე მის საცხოვრებელ საკანში, გავეცანი მისი ციხეში ყოფნის პირობებს, მათ შორის, რა თქმა უნდა, ყველა საკითხზე ვესაუბრე, რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, კვებას და ასე შემდეგ, ყველაფერზე მივიღე ამომწურავი ინფორმაცია.
რაც შეეხება იმ საკითხს, რასთან დაკავშირებითაც ვიყავი შესული, ანუ პაემანთან დაკავშირებით, ბატონი ირაკლის განცხადებით, შეთანხმებული იყო წამახალისებელი მესამე გრძელვადიანი პაემანი, რომელიც შემდგომ გაუქმდა. თუმცა ამის შესახებ რაღაცა დამატებითი დოკუმენტაცია ან წერილობით მიმართვას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან პაემანი წარმოადგენს თვითონ ციხის დისკრეციას, ციხის დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილებას. შესაბამისად, ბატონი ირაკლის განცხადებით, იყო ასეთ დაპირებას თუ შეთანხმებას ჰქონდა ადგილი, თუმცა შემდგომ ეს შეიცვალა. ასევე ვესაუბრე, რა თქმა უნდა, ციხის ადმინისტრაციასაც, მოვისმინე მათი პოზიცია. მათ რაიმე განსაკუთრებული დამოკიდებულება, ნეგატიური ან უარყოფითი, რა თქმა უნდა, არა აქვთ პატიმრის მიმართ. მათი განწყობა არის, რომ ის წამახალისებელი პოლიტიკა, რომელიც გააჩნდათ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, ისევე, როგორც სხვა პატიმრების მიმართ, გაგრძელდეს მათი მხრიდანაც.
რაც შეეხება იმ პერიოდში რატომ ვერ მოხერხდა ამ პაემნის ჩანიშვნა, ციხის ადმინისტრაციის განმარტებით ეს უკავშირდება ინფრასტრუქტურულ საკითხებს, რემონტი მიმდინარეობდაო იმ რამდენიმე ადგილას, სადაც ხდება შეხვედრა, და, შესაბამისად, იმ პერიოდში ამიტომ ვერ მოხერხდა მათი განცხადებით ამ პაემნის ჩანიშვნა, თუმცა სამომავლოდ კიდევ ერთხელ შემიძლია დავადასტურო, რომ ციხის ადმინისტრაციას რაიმე ტიპის პრინციპული წინააღმდეგობა, რომ ბატონი ირაკლის მიმართ გაგრძელდეს ის დამოკიდებულება, რომელიც ჰქონდათ აქამდე, ანუ ის პერიოდულად ღებულობდა წამახალისებელ პაემნებს, შეხვედრების შესაძლებლობას, აქვს უფლება, რომ შეხვდეს", - ამბობს ომბუდსმენი.
თავის მხრივ, განცხადება გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და განაცხადა, რომ არანაირი პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა.
"სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებას, რომელიც მან მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა; რომ თითქოს მსჯავრდებულს წახალისების სახით ჩანიშნული ჰქონდა პაემანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა. ცალსახად და დაბეჯითებით ვაცხადებთ, რომ არანაირი პაემანი ჩანიშნული არ ყოფილადა, შესაბამისად, ვერც გაუქმდებოდა. აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ დახურული ტიპის დაწესებულების (რომელშიც განთავსებულია მსჯავრდებული ღარიბაშვილი) დებულების შესაბამისად, მსჯავრდებულ ღარიბაშვილს აქვს წელიწადში ორი ხანგრძლივი და თვეში ორი ხანმოკლე პაემნის გამოყენების უფლება და ეს ლიმიტები მას სრულად აქვს ათვისებული. რაც შეეხება წახალისების ფორმით თავისუფლებააღკვეთილი პირისთვის დამატებითი პაემნის დანიშვნას, ეს ხდება პენიტენციური დაწესებულების დირექტორის განკარგულებით, რაც მსჯავრდებულ ღარიბაშვილის შემთხვევაში არ მომხდარა. ამდენად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებიც ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში პერიოდულად ხორციელდება, არაფერ შუაშია. პაემანი არც ჩანიშნულა და არც გაუქმებულა",- აცხადებენ სამსახურში.




























