3-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს მთავრობამ დღეს პირველი განკარგულება გამოაქვეყნა. მთავრობას მის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების გასაჯაროებისკენ წლების განმავლობაში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებდა.
მთავრობის განკარგულებები ძირითადად სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის პრივატიზაციებს, მიწის სიმბოლურ ფასად გადაცემებს, საპრივატიზაციო ვალდებულებებში ცვლილებების შეტანას, სასესხო ხელშეკრულებებს და მათ მოდიფიკაციებს, ასევე სხვა მრავალ საკითხებს შეეხება.
დღეს საქართველოს მთავრობის 2024 წლის ნომერ 181-ე განკარგულება გამოქვეყნდა, რომელიც EBRD-თან არსებული სასესხო ხელშეკრულების მოდიფიკაციას უკავშირდება და 12 თებერვალს არის მიღებული. დოკუმენტს ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში BMG-ის განუმარტეს, რომ მიმდინარეობს მუშაობა წინა წლების განკარგულებების გამოქვეყნებაზეც, თუმცა მათი გასაჯაროების კონკრეტულ თარიღს სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე ვერ აკონკრეტებენ.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა თითქმის სამი წელია განკარგულებებს აღარ აქვეყნებს, ბოლო გამოქვეყნებული განკარგულება 2020 წლის სექტემბრით თარიღდება, არადა საქართველოს მთავრობის რეგლამენტი მთავრობის ადმინისტრაციას პირდაპირ ავალდებულებს, მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული საკითხებისა, მიღებიდან ვებგვერდზე მაქსიმუმ სამ დღეში ატვირთოს.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის თითქმის ყველა სხდომაზე რამდენიმე განკარგულება მაინც მტკიცდება ხოლმე. ხშირია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზაცია, სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემა ფიზიკური პირებისთვის თუ კომპანიებისთვის და ა.შ. BMG-იმ არაერთხელ სცადა მთავრობის ადმინისტრაციისგან მიეღო პასუხი კითხვაზე - რატომ არ ქვეყნდება განკარგულებები, თუმცა უშედეგოდ. აღსანიშნია, რომ მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან განკარგულებების გასაჯაროებაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც აქტიურად საუბრობდნენ. მაგალითისთვის, IDFI-მ მთავრობის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში 2020 წლის დეკემბერში შეიტანა და 2020 წლის მარტიდან სექტემბრის ჩათვლით მიღებული მთავრობის განკარგულებების გასაჯაროება მოითხოვა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" კი აცხადებდნენ, რომ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოს მთავრობის მიერ განხილული 531 განკარგულების პროექტიდან, თითქმის ყოველი მე-4 სახელმწიფო ქონების გადაცემას ეხებოდა და არც ერთი დოკუმენტი საჯარო არ არის.
მიმდინარე წლის დასაწყისში კი საქართველოს მთავრობამ სხდომის ოქმების საჯაროდ გამოქვეყნების ვალდებულება აიღო, რაც ღია მმართველობის ეროვნული გეგმაშია გაწერილი. დოკუმენტის თანახმად, მთავრობის სხდომების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ამჟამად არ საჯაროვდება, მომავალში ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.