მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიცე-პრემიერი ირწმუნება, რომ მთავრობის განკარგულებები ქვეყნდება, რაც სიმართლე არაა

დავითაშვილი
BM. GE
11.09.23 16:47
53

მესამე წელია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ განკარგულებებს არ აქვეყნებს. საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე ბოლო განკარგულება 2020 წლის სექტემბრით თარიღდება, ხოლო 2021 წელს მიღებული არცერთი განკარგულება საჯარო არ გამხდარა. აქვე აღსანიშნავია, რომ მთავრობა თითქმის ყოველ ორშაბათს განიხილავს საკითხებს, რაც სხვადასხვა კომპანიებისთვის, ფიზიკური პირებისთვის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას ეხება.

რეგლამენტის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილის ადმინისტრაცია ვალდებულია, მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული საკითხებისა, მიღებიდან ვებგვერდზე არა უგვიანეს 3 დღისა, ატვირთოს. თუმცა არცერთი განკარგულება არ ქვეყნდება.

bm.ge-იმ დღეს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილს ჰკითხა - რატომ არ ქვეყნდება განკარგულებები. მინისტრი ირწმუნება, რომ ქვეყნდება, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

- ბატონო ლევან, თქვენ თქვით, რომ პირნათელი ხართ ხალხის წინაშე, მაგრამ მესამე წელია მთავრობა განკარგულებებს არ აქვეყნებს, რომლის გამოქვეყნების ვალდებულებაც გაქვთ. აქ არიან პრესსამსახურის თანამშრომლები და იციან, რომ ვერასდროს ვიღებთ პასუხებს. როგორც ვიცე-პრემიერს, მინდა გკითხოთ - როცა კანონი გავალდებულებთ, რომ არაუგვიანეს სამი დღისა, გამოაქვეყნოთ განკარგულებები, რატომ არ ქვეყნდება? რატომ არღვევს მთავრობა კანონს? სამწუხაროდ, არც თქვენ, ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლები არ გვაწვდიან ინფორმაციას, დღეს იყო 6 საკითხი და იქნებ გვითხრათ, რა საკითხები გაიტანეთ, რას შეეხებოდა და რა შედეგებით დამთავრდა?

- მე ვფიქრობ, არ გვექნება დრო, რომ ცხრავე საკითხზე ვისაუბროთ. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ინფორმაცია გამოითხოვოთ და პასუხებს მიიღებთ.

 - ხომ გჯერათ, რომ არ ვიტყუები? ვითხოვთ და არ გვაძლევენ.

- ეს საკითხები ბუნებრივია ქვეყნდება. მთავრობაზე გამოქვეყნებული საკითხები არ არის თქვენთვის ხელმისაწვდომი? რომ მოითხოვოთ, დარწმუნებული ვარ, მოგაწვდის მთავრობის ადმინისტრაცია. ჩვენ არც ერთ ინფორმაციას საზოგადოებას არ ვუმალავთ. ყველა საკითხზე ინფორმაციას მოგაწვდით. არ დავტოვებთ პასუხგაუცემელ კითხვებს.

ლევან დავითაშვილმა bm.ge-ის იქვე მიაწოდა ინფორმაცია განსახილველი 9 საკითხიდან სამზე. დავითაშვილის თქმით, დღეს მინისტრთა კაბინეტის მიერ განხილული საკითხებიდან ორ შემთხვევაში საქმე საპრივატიზაციო ვალდებულებაში ცვლილებებს ეხებოდა, მათ შორის ერთის შემთხვევაში ტირ-პარკის მოწყობას, ხოლო ერთი ტექნიკური იყო. დავითაშვილის თქმით, დანარჩენ კითხვებზე BMG მოთხოვნისთანავე მიიღებს პასუხებს.

აღნიშნული კითხვა bm.ge-მ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს რევაზ ჯაველიძესაც დაუსვა, თუმცა მისგან პასუხი ვერ მიიღო. 

შეგახსენებთ, რომ მთავრობასთან განკარგულებების გამოქვეყნებაზე კითხვები აქვს სამოქალაქო სექტორსაც. IDFI-მ ღარიბაშვილის ადმინისტრაციას სასამართლოშიც უჩივლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები