მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის განკარგულებების გასაჯაროებაზე IDFI-ს სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა

64ba96df948bb
თამთა ჯიჯავაძე
21.07.23 18:47
620
სასამართლომ IDFI-ს სარჩელი მთავრობის განკარგულებების, როგორც საჯარო ინფორმაციის მიწოდების შესახებ, არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციაში Bm.ge-ს განუცხადეს. როგორც IDFI-ის მთავარი იურისტი, გიორგი დავითური ამბობს, პირველმა ინსტანციამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო, თუმცა მოსარჩელეს გადაწყვეტილების დასაბუთება ჯერ არ მიუღიათ.

საქმე ის არის, რომ IDFI-მ მთავრობის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში 2020 წლის დეკემბერში შეიტანა და 2020 წლის მარტიდან სექტემბრის ჩათვლით მიღებული მთავრობის განკარგულებების გასაჯაროება მოითხოვა. აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაგვბარებია, რომ გავასაჩივროთ. უნდა ვივარაუდოთ, რომ კიდევ დიდხანს არ ჩაგვბარდება. ეს საქმე ისე გაიწელა, რომ ყველანაირი ლოგიკური საფუძველია იმისა, ვივარაუდოთ, რომ ხელოვნურად წელავდნენ ამ საქმის გადაწყვეტას და დღემდეც ხელოვნურად წელავს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოგზავნას. არადა, სასამართლომ გადაწყვეტილება დაახლოებით ერთი თვის წინ მიიღო. არც ის ვიცით, მოსამართლემ გადაწყვეტილების დასაბუთება დაწერა თუ არა“, - აღნიშნა გიორგი დავითურმა.

მისივე თქმით, სასამართლო სხდომებზე არცერთი არგუმენტი არ გამოკვეთილა არც მოსამართლის და არც მოპასუხე მხარის (მთავრობის ადმინისტრაცია) მხრიდან იმის შესახებ, თუ რატომ არ შეიძლებოდა დაკმაყოფილებულიყო IDFI-ს სარჩელი.

„საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებულ საკითხებში, მსგავსი ამოვარდნა, სასამართლოს მხრიდან მე ჯერ არ მახსენდება. პირველ ინსტანციაში საქმის წარმოება ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს, როდესაც 6 თვეზე ნაკლებ დროში უნდა დასრულებულიყო. სხდომას რაც შეეხება, მოპასუხე მხარეს არც შესაგებელი წარმოუდგენია, რამდენიმე სხდომა ხელოვნურად გაწელა, დაგვპირდნენ, რომ მოგვცემდნენ აღიარებას, თუმცა შემდეგ უკან წაიღო აღიარება. ბოლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ ისეთი არგუმენტები მოიყვანა, როგორიცაა მაგალითად, პერსონალური მონაცემები, კომერციული და სახელმწიფო საიდუმლოება. თუმცა როცა ვკითხეთ, მოთხოვნილ განკარგულებებში იყო თუ არა, რომელიმე მის მიერ ჩამოთვლილი, თქვა, რომ არ იცის. ამგვარად, მთელი პროცესის განმავლობაში ჩვენი სარჩელის არდაკმაყოფილების არგუმენტი არ გამოვლენილა. როგორც წესი, ხელოვნური არგუმენტი მაინც არსებობს ხოლმე, რომელსაც სხდომაზე ეჭიდებიან, მაგრამ ამ შემთხვევაში, ასეთი არგუმენტიც არ ყოფილა“, - აღნიშნა IDFI-ს მთავარმა იურისტმა და დასძინა, რომ შესაძლოა, დროში გასაჩივრების პროცესი ისევ გაიწელოს, მაგრამ შემდეგი ინსტანცია პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას დიდი ალბათობით არ დააკმაყოფილებს.

„შეუძლებელია, ეს საქმე წარმატებით არ დასრულდეს“, - განაცხადა გიორგი დავითურმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა თითქმის სამი წელია განკარგულებებს აღარ აქვეყნებს, ბოლო გამოქვეყნებული განკარგულება 2020 წლის სექტემბრით თარიღდება, არადა საქართველოს მთავრობის რეგლამენტი ირაკლი ღარიბაშვილის ადმინისტრაციას პირდაპირ ავალდებულებს, მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული საკითხებისა, მიღებიდან ვებგვერდზე მაქსიმუმ სამ დღეში ატვირთოს.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის თითქმის ყველა სხდომაზე რამდენიმე განკარგულება მაინც მტკიცდება ხოლმე. ხშირია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზაცია, სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემა ფიზიკური პირებისთვის თუ კომპანიებისთვის და ა.შ. BMG-იმ არაერთხელ სცადა მთავრობის ადმინისტრაციისგან მიეღო პასუხი კითხვაზე - რატომ არ ქვეყნდება განკარგულებები, თუმცა უშედეგოდ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები