მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ აქვეყნებს მთავრობა განკარგულებებს? - ზურაბ აზარაშვილის პასუხი

64ba7a433c9ca
თამთა ჯიჯავაძე
21.07.23 17:08
567
ვიკითხავ, არ ვიცი, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ აქვეყნებს მთავრობა განკარგულებებს.

„ეს საკითხები, რაც მთავრობაზე გამოდის, ყველაფერს ხომ ხედავთ? საკითხების შინაარსს ვერ ხედავთ, როცა ქვეყნდება?“ - იკითხა მინისტრმა, თუმცა ჟურნალისტების განმარტების შემდეგ, რომ განკარგულების შინაარსი არ ქვეყნდება, მინისტრმა აღნიშნა, რომ არ იცის ამის შესახებ და იკითხავს.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა თითქმის სამი წელია განკარგულებებს აღარ აქვეყნებს, ბოლო გამოქვეყნებული განკარგულება 2020 წლის სექტემბრით თარიღდება, არადა საქართველოს მთავრობის რეგლამენტი ირაკლი ღარიბაშვილის ადმინისტრაციას პირდაპირ ავალდებულებს, მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული საკითხებისა, მიღებიდან ვებგვერდზე მაქსიმუმ სამ დღეში ატვირთოს.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის თითქმის ყველა სხდომაზე რამდენიმე განკარგულება მაინც მტკიცდება ხოლმე. ხშირია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზაცია, სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემა ფიზიკური პირებისთვის თუ კომპანიებისთვის და ა.შ. BMG-იმ არაერთხელ სცადა მთავრობის ადმინისტრაციისგან მიეღო პასუხი კითხვაზე - რატომ არ ქვეყნდება განკარგულებები, თუმცა უშედეგოდ. 

შეგახსენებთ, IDFI-მ ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში მთავრობის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეიტანა და 2020 წლის მარტიდან სექტემბრის ჩათვლით მიღებული მთავრობის განკარგულებები მოითხოვა, მაგრამ როგორც IDFI-ში bm.ge-ს დღეს განუცხადეს, სასამართლომ ორგანიზაციის სარჩელი არ დააკმაყოფილა და საქმე წააგეს. თუმცა ოფიციალურად გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაბარებიათ. 

ცნობისთვის: 2020 წლის მარტამდე ანუ პანდემიამდე და წინა წლებში მთავრობის განკარგულებები აქტიურად იტვირთებოდა. ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში კი საერთოდ არ ქვეყნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები