„ჩვენი აზრით, ეს არის პრობლემის აღიარება იმასთან დაკავშირებით, რომ საჯაროობა საქართველოში არ არის უზრუნველყოფილი“, - ასე აფასებს ლევან ავალიშვილი, IDFI-ის პროგრამების დირექტორი პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძის დღეს გაკეთებულ განცხადებას, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის განკარგულებების გამოქვეყნების შესახებ.
საქართველოს მთავრობა სამი წელია განკარგულებებს აღარ აქვეყნებს, ბოლო გამოქვეყნებული განკარგულება 2020 წლის სექტემბრით თარიღდება, არადა საქართველოს მთავრობის რეგლამენტი მთავრობის ადმინისტრაციას პირდაპირ ავალდებულებს, მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული საკითხებისა, მიღებიდან ვებგვერდზე მაქსიმუმ სამ დღეში ატვირთოს.
განკარგულებების გასაჯაროებაზე IDFI-მ მთავრობის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში 2020 წლის დეკემბერში შეიტანა და 2020 წლის მარტიდან სექტემბრის ჩათვლით მიღებული მთავრობის განკარგულებების გასაჯაროება მოითხოვა. ორი ინსტანციის სასამართლო წააგეს, თუმცა ორგანიზაცია დავის შეწყვეტას არ აპირებს.
„მთავრობის განკარგულებები, რომელიც 2020 წლიდან არ ქვეყნდება, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი თავისი ხარისხით. ეს განკარგულებები განსაზღვრავს მაღალი კორუფციული რისკების მქონე გადაწყვეტილებებს, მაგალითად ქონების პრივატიზებას, ჩუქებას, სხვადასხვა პროექტებს, სადაც შეიძლება იყოს სხვადასხვა ჯგუფების ინტერესები. აქედან გამომდინარე კონტროლი ასეთი ტიპის გადაწყვეტილების არის მნიშვნელოვანი და მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობის.
ამას პრინციპში კანონიც უზრუნველყოფს, რადგან კანონით ეს საჯაროა და მთავრობის დადგენილებითაც განკარგულებები უნდა ქვეყნდებოდეს ვებ-გვერდზე. სწორედ ის ფაქტი, რომ არ ქვეყნდება უკვე სამი წელია, წარმოშობს კითხვებს.
თუ ეს [პრემიერის] გადაწყვეტილება პოლიტიკური შინაარსისგან დაცლილია, მაშინ მისასალმებელია, მაგრამ ამას დრო გამოაჩენს. ვნახავთ როგორ გამოქვეყნდება ეს დოკუმენტები. ყოველ შემთხვევაში არ ვაპირებთ შევწყვიტოთ ის სასამართლო პროცესი, რაც გვაქვს მთავრობის წინააღმდეგ დაწყებული.
სამი წელია ვდავობთ განკარგულებების ხელმისაწვდომობაზე და იმედია, სასამართლო რაღაც სტანდარტს დაადგენს იმისთვის, რომ მომავალში არ იყოს დამოკიდებული ვინმეს პოლიტიკურ ნებაზე, ეს ინფორმაცია გაასაჯაროოს ან არ გაასაჯაროოს“,-აცხადებს ლევან ავალიშვილი.
IDFI 2011 წლიდან ყოველწლიურად აქვეყნებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგს. როგორც ირკვევა, ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი ბოლო 12 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუარესდა.
„IDFI აგზავნის 10 000-სზე მეტ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნას ყველა საჯარო დაწესებულებაში საქართველოში და ამის მიხედვით დგება ეს რეიტინგები.
შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო წელს, 2023 წელს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 12 წლის განმავლობაში. ფაქტობრივად იყო პერიოდი, 2023 წლის დასაწყისიდან სადღაც დეკემბრამდე, როცა საჯარო სექტორიდან ინფორმაციის მიღება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა. აქ საუბარია ყველა სამინისტროზე, მთავრობის ადმინისტრაციაზე, მათ დაქვემდებარებულ უწყებებზე, კანონით გამყარებული ფაქტობრივად ყველა ჩვენი მოთხოვნა, უპასუხოდ რჩებოდა.
იმედია, ეს პროცესი შეიცვლება, რადგან ღიაობის გარეშე არ გვეცოდინება, რა დგას ან ვისი ინტერესები დგას გადაწყვეტილებების უკან“,-აცხადებს ავალიშვილი.