„ეს კანონი უნდათ იმისთვის, რომ ყველაზე კრიტიკული ორგანიზაციები, რომელთა ანგარიშებს აქვს მნიშვნელობა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დასკვნებში, გააჩუმონ, მოახდინონ მათი სტიგმატიზება და შეზღუდონ მათი საქმიანობა“ - ასე ეხმაურება IDFI-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პროგრამების დირექტორი ლევან ავალიშვილი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას გამჭვირვალობის სახელით მიიღოს კანონი „ უცხო ძალის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
„საქმის კურსთან“ ინტერვიუში ავალიშვილი აცხადებს, რომ „ოცნების“ მიზანია ჯერ კიდევ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი სექტორის გაჩუმება.
„რადგან არცერთი ორგანიზაცია, ჩემი ღრმა რწმენით, რეესტრში [უცხო ძალის გავლენის მქონე ორგანიზაციად] თავისი ნებით არ დარეგისტრირდება, ეს გამოიწვევს თავისთავად ჯარიმებს, ჯარიმების არგადახდის შემთხვევაში დაედებათ ამ ორგანიზაციებს ინკასო და ფინანსური შეზღუდვები. შესაბამისად, ეს ორგანიზაციები შეიზღუდება და შეაჩერებენ საქმიანობას. მათ შორის ორგანიზაციები, რომლებიც 30 წელია მოღვაწეობენ და ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ ჩვენი მოქალაქეებისთვის.
მათი მიზანია ჯერ კიდევ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი სექტორის გაჩუმება და განადგურება. ეს არის ერთადერთი, რომელსაც ისინი ჯერჯერობით ვერ აკონტროლებენ ამ ქვეყანაში. ყველა სხვა ინსტიტუტი არის მიტაცებული, დაწყებული სასამართლოთი, ისე ძალოვნებით დასრულებული, ერთადერთი, რაც გზაზე ეღობებათ არის ეს სექტორი“,-აცხადებს ავალიშვილი.
მისი განმარტებით, ამ კანონის მიღებით დაზარალდება არამხოლოდ არასამთავრობო და მედი ორგანიზაციები, არამედ ქვეყანა და მისი მოქალაქეები.
„ეს არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ეს არის დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული. საქართველოში რაც კი დაფინანსება შემოდის ამ სექტორში, 99% არის რა თქმა უნდა დასავლური დაფინანსება, სახელმწიფოც იღებს და ძალიან მცირე პროცენტს იღებს ეს სექტორი. უცხო ძალად მათი გამოცხადების შემთხვევაში აუცილებლად მოხდება ამ დამფინანსებელი ორგანიზაციების ოპერირების შეზღუდვაც. ისინი არ იმუშავებენ იმ ქვეყანაში, სადაც მათ უცხო ძალას ეძახიან.
სახელმწიფოც დაზარალდება, საჯარო მოხელეებიც დაზარალდება, რომლის უმეტესობა ვერ აცნობიერებს, რომ ეს მათაც შეეხებათ. ფინანსური ინსტიტუტებიც დაზარალდება და მთლიანობაში ქვეყანა დაზარალდება, რადგან ეს გამოიწვევს მათ შორის არასტაბილურობას, გამოიწვევს დაპირისპირებას, ეს არ არის რა თქმა უნდა ჩვენს ინტერესში. რაც მთავარია დაზარალდება ჩვენი სვლა ევროკავშირისკენ, რადგან ეს არის გაცხადებულად ნათქვამი ყველა თანამდებობის პირის მიერ ევროკავშირიდან და ამის გათვალისწინება არ ხდება.
ეროვნული სუვერენიტეტის იდეით ცდილობენ დაარწმუნონ საზოგადოება, რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოს წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით“,-განაცხადა ავალიშვილმა.