მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შეუძლებელია გქონდეს აგენტების კანონი და იყო წევრი" - ლევან ავალიშვილი OGP-დან საქართველოს გარიცხვაზე

იდფი

IDFI-ის პროგრამების დირექტორი ლევან ავალიშვილი აკრიტიკებს "ქართული ოცნების" ნარატივს, რომლის მიხედვითაც "ღია მმართველობის პარტნიორობა" (OGP), საიდანაც მიმდინარე თვეში საქართველო გამორიცხეს, ქვეყანას "გამჭვირვალობის კანონის" უკან გაწვევას სთხოვს.

როგორც ის "ანალიტიკას" ეთერში განმარტავს, პარტნიორობის ფუნდამენტური იდეა სამოქალაქო სექტორისა და მთავრობის თანამშრომლობაა, რასაც მიღებული კანონი ძირფესვიანად ანგრევს.

"არა, გამჭვირვალობის კანონი არ მიუღიათ - აგენტების რუსული კანონი მიიღეს და ამიტომაც გაგვრიცხეს. OGP-ის ფუნდამენტური პრინციპია, რომ ხელისუფლება და სამოქალაქო სექტორი ერთად ქმნიან რეფორმების დღის წესრიგს, ერთად მუშაობენ. ხელისუფლება არ ეძახის სამოქალაქო სექტორს აგენტებს, მტრებს და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების წარმომადგენლებს... სწორედ ამიტომ გაირიცხა თავის დროზე აზერბაიჯანი, სწორედ ამიტომ თავისი ნებით გავიდა უნგრეთი ორბანის დროს, იმიტომ, რომ იქაც ეს კანონი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიიღეს.

არანაირი გამჭვირვალობის კანონი არ არსებობს. ეს არის აგენტების კანონი, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო სექტორს და სწორედ ამ კანონმა მოიტანა ყველა ის პრობლემა, რომელიც რეალურად დგება", - განმარტავს IDFI-ის პროგრამების დირექტორი.

ავალიშვილის ანალიზით, ე.წ. „რუსული კანონი“ არ ყოფილა ერთჯერადი აქტი - ის იქცა საწყის წერტილად ქვეყანაში სხვა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და თავისუფლებების შესაზღუდად. მისი მოსაზრებით, მთავრობის ეს ნაბიჯები პირდაპირ მიუთითებს ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოყალიბებაზე, სადაც მოქალაქე კარგავს შესაძლებლობას, იყოს პოლიტიკური აქტორი.

"ჩვენ თავიდანვე ვიძახდით - ეს კანონი არის მხოლოდ დასაწყისი. ამან მოიტანა დამატებით უფრო და უფრო მძიმე ცვლილებები - ხან გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავენ, ხან ტროტუარზე დგომისთვის იჭერენ, ხან ბიზნესს ხმის ამოღებას უკრძალავენ... მივიდა ბოლოს იქამდე, რომ უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შემოიღეს უბრალოდ იმისთვის, რომ რაღაც ექსპერტიზა ჩაატარო. ეს ყოველნაირად ეწინააღმდეგება ამ გაერთიანების იდეას. შეუძლებელია გქონდეს აგენტების კანონი და იყო OGP-ის წევრი", - აღნიშნავს ლევან ავალიშვილი.

კითხვაზე, თუ რა რჩება ქვეყანაში დემოკრატიისგან მაშინ, როცა მოქალაქის ხმა არ ისმის და ანგარიშვალდებულება ქრება, ლევან ავალიშვილი არსებულ სურათს ბელარუსს ადარებს: "ეს უბრალოდ ავტოკრატიის ნიშანია. ბელარუსში რისი იმედი აქვთ მოქალაქეებს? სახელმწიფოს იმედი ნამდვილად ვერ ექნებათ. ამ გზით მივდივართ",- აღნიშნავს ის.

ცნობისთვის, საქართველოს "ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) ორგანიზაციაში წევრობის სტატუსი ჯერ კიდევ 2024 წლიდან ჰქონდა შეჩერებული, 22 აპრილს კი ცნობილი გახდა, რომ ქვეყანა პრესტიჟული საერთაშორისო პლატფორმიდან საბოლოოდ გარიცხეს. აღნიშნული გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი ე.წ. "რუსული კანონის" მიღება და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მთავრობის მტრული რიტორიკა გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები