მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მთავრობა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით მაგალითის მიმცემი უნდა იყოს“ - კობახიძე

ახალი მთავრობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით ყველასთვის მაგალითის მიმცემი უნდა იყოს, - ამის შესახებ მან მის მიერ გამართული მინისტრთა კაბინეტის პირველი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მთავრობისა და ხელისუფლების სხვადასხვა უწყებების გადაწყვეტილებები მოქალაქეებთან და კომპეტენტურ პირებთან განხილვებითა და კონსულტაციების შედეგად უნდა მიიღებოდეს. გადაწყვეტილებების მიღებისას საზოგადოებასთან ურთიერთობა მისი მთავრობის მთავარი პრინციპი უნდა იყოს.

„ჩვენი ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, გვჭირდება ჩვენი ეკონომიკის სწრაფი განვითარება, დაწყებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების ბოლომდე მიყვანა, ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის, უსაფრთხოების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, გვჭირდება ჯანდაცვის, განათლების და სოციალური სისტემების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, ასევე ზრუნვა კულტურაზე, სპორტზე და ახალგაზრდობის მიმართულებით, ასევე ბუნებრივია საჭიროა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოზიციების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება.

მაქსიმალური შედეგების მისაღებად ჩვენი მთავრობის საქმიანობა მყარ პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს. პირველ რიგში მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით ყველასთვის მაგალითის მიმცემი უნდა იყოს. ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ღია უნდა იყოს და იგივეს მოვითხოვთ ყველა სხვა სახელმწიფო უწყებიდან.

ასევე ჩვენ მუდმივად უნდა ვიზრუნოთ ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოების გაუმჯობესებაზე, ხარვეზების მინიმუმზე დასაყვანად უნდა გავაძლიეროთ ხარისხის კონტროლის და ზედამხედველობის შესაბამისი მექანიზმი; იგივე ეხება საზოგადოებრივი მომსახურების ხარისხს, აქაც მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ჩვენი მოქალაქეების პრეტენზიები სერვისების ხარისხთან დაკავშირებით და ზოგადად, ყველა თემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები, საზოგადოებასთან, სპეციალისტებთან, დარგის წარმომადგენლებთან ძალიან ფართო კონსულტაციების საფუძველზე უნდა იყოს მიღებული. ყოველთვის როდესაც გარკვეულ გადაწყვეტილებას ვიღებთ, საზოგადოებას ამ გადაწყვეტილების შინაარსი და მიზეზები მაქსიმალურად ფართოდ უნდა განვუმარტოთ - ეს უნდა იყოს ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი სახელმძღვანელო პრინციპი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები