„ოცნების“ პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მმართველი ძალაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს თვითმმართველობის არჩევნებით ეუთო/ოდირის დატვრითვა ზედმეტი იქნება. ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას - მოიწვევს თუ არა მმართველი პარტია ეუთო/ოდირს 2025 წლის ოქტომბერში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვებისთვის.
„ზოგადად არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ ეუთო/ოდირს თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ. გადახვევები ხდება და ჩვენც გვქონდა ასეთი პრაქტიკა, მათ შორის 2021 წელს გამომდინარე იქიდან, რომ რაღაცნაირად ეს არჩევნები იყო დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნების თემასთან. ასევე სხვადასხვა ქვეყნის შემთხვევაში არის გამონაკლისი შემთხვევები, როცა თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევენ ეუთო/ოდირს თუმცა ეს მხოლოდ გამონაკლისია. სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით, ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა საპარლამენტო არჩევნებზე ხდება ხოლმე. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში, ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები აბსოლუტურად ჯანსაღი ფორმით ჩატარდება.
იცით, რომ ეუთო/ოდირი აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებს და დადო სათანადო დასკვნა, თუმცა არავინ დაინტერესდა ამ დასკვნით და დღეს, იგივე ადამიანები, რომლებმაც სრული იგნორირება გაუკეთეს ეუთო/ოდირის დასკვნას, გვთხოვენ ეუთო/ოდირის მოწვევას“, - განაცხადა კობახიძემ.
დიდი ბრიტანეთის საელჩომ "ოცნების" მთავრობას დღეს მოუწოდა, მოიწვიოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ეუთო/ოდირი) სადამკვირვებლო მისია 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.




























