„ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პრეზიდენტობის კანდიდატურიდან ზურაბ პოლოლიკაშვილის მოხსნა გიორგი ბაჩიაშვილზე არ გაუცვლიათ. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საქართველო - არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მომხდარ შესაძლო გარიგებას შეეხებოდა.
კობახიძე ამ ვერსიას „ყოვლად შეურაცხმყოფელს“ უწოდებს და ამბობს, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება სხვა გადაწყვეტილებებზე ბევრად ადრე მიიღეს, თუმცა „ოცნების“ პრემიერს არ დაუკონკრეტებია სხვა რა გადაწყვეტილებებს გულისხმობდა.
„ყოველმხრივ შეურაცხმყოფელია და არასწორია ასეთი ვერსიების გავრცელება, მაგრამ ჩვენ ვიცით, ასეთ ვერსიებს ვინ ავრცელებს, მათ არანაირი ზღვარი არ აქვთ, როდესაც საქმე სახელმწიფო ინტერესებს ეხება.
რაც შეეხება ზურაბ პოლოლიკაშვილს მე განვმარტე რა იყო მისი კანდიდატურის მოხსნის მიზეზი და ამას სხვა არაფერთან ჰქონია შეხება. მიზეზი ის იყო, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს, რა შუაშია აქ რაიმე სხვა დეტალი, ბევრად უფრო ადრე იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, ვიდრე სხვა საკითხებთან დაკავშირებით მიიღებოდა გადაწყვეტილებები, შესაბამისად ეს ცარიელი სპეკულაციაა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
13 მაისს ონლაინგამოცემა The Diplomat-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის მესამე ვადით არჩევას მხარს აღარ დაუჭერდა. გამოცემა ამ ამბავს „შოკისმომგვრელ პოლიტიკურ მანევრად“ აფასებდა და წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან პოლოლიკაშვილის მესამე ვადით არჩევისთვის მხარდაჭერის ნაცვლად საამიროების კანდიდატისთვის მხარდაჭერა, შესაძლოა, ფარული შეთანხმების ნაწილი ყოფილიყო.
მთავრობის ადმინისტრაციაში, ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურეს. ირაკლი კობახიძემ კი აღნიშნა, რომ პოლოლიკაშვილის მესამე ვადით არჩევის გამო, სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს ელჩებს იბარებდნენ და გადაწყვეტილებას აკრიტიკებდნენ.
საკითხთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ მალევე მედიას განუცხადა, რომ საქართველომ UNWTO-ს ხელმძღვანელის არჩევნებიდან ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა მის მიერ ხელისუფლებისადმი "უდიერი დამოკიდებულებისა" და "თავში ჩარტყმის" მცდელობის გამო მოხსნა. მისი თქმით, პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნა უალტერნატივო გადაწყვეტილება იყო.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ქართველი ხელმძღვანელი, ზურაბ პოლოლიკაშვილმა კი კანდიდატურის მოხსნის თავისი ვერსია მოჰყვა. ის ამბობდა, რომ ამის მიზეზი თეა მაისურაძის თანამშრომლად აყვანა გახდა. საქმე ის არის, რომ თეა მაისურაძე ჩეხეთში საქართველოს ყოფილი ელჩი იყო, რომელმაც თანამდებობა გასული წლის დეკემბერში იმ მიზეზით დატოვა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.




























