მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბულგარეთი, ნიდერლანდები, იტალია, ჩეხეთი, ლიეტუვა - ქვეყნები, სადაც საქართველოს ელჩები გადადგნენ

ელჩები

28 ნოემბერს "ქართული ოცნების" მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში 2028 წლამდე არ დააყენებს, საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. გადაწყვეტილება გააკრიტიკა საჯარო მოხელეების ნაწილმაც, მათ შორის საგარეო უწყებაში. გადაწყვეტილებას საგარეო საქმეთა სამინისტროს 200-ზე მეტი თანამშრომელი გაემიჯნა.

საკითხი კრიტიკულად შეფასდა ქართველი დიპლომატების მხრიდანაც და გასულ დღეებში რამდენიმე ელჩმა დატოვა თანამდებობა პროტესტის ნიშნად.

BMG გთავაზობთ ინფორმაციას დიპლომატების შესახებ, რომლებმაც თანამდებობა დატოვეს.

ბულგარეთში საქართველოს ელჩი ოთარ ბერძენიშვილი

ბულგარეთში საქართველოს ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა პროტესტის ნიშნად დაწერა გადადგომის შესახებ განცხადება. ამასთან, მან სოლიდარობა გამოუცხადა მშვიდობიანი აქციის დროს დარბეულ მოქალაქეებს.

ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩი დავით სოლომონია

დავით სოლომონიამ დაგმო ნებისმიერი ძალადობა და დატოვა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა.

ლიეტუვაში საქართველოს ელჩი სალომე შაფაქიძე

ლიეტუვაში საქართველოს ელჩის პოზიციიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა სალომე შაფაქიძემ.

იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ვეკუა

იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი ვეკუამ დატოვა თანამდებობა, რაზეც სოციალურ ქსელში დაწერა.

"როგორ ეწერა სენიორ პესოას? - არიდებულ ბრძოლათა ნაიარევებზე... ყველას გვაქვს ასეთი. მე - ძალიან ბევრი.

რაღაც დროს ნამდვილის ჯერიც დგება და ადამიანები ერთმანეთის ძებნას ვიწყებთ, ერთმანეთს ვამხნევებთ. ახლაც ის დროა და მეც ჩემს ფიქრებს გიზიარებთ, მეგობრებს, კოლეგებს, ვინც თვლით, რომ მართალი ვარ და ვინც თვლით, რომ არ.

დღეს ამ ფიქრებით ვამბობ "უარს" და ვემშვიდობები საგარეოს, რომელმაც ყველაზე ბევრი მაჩუქა, რაც კი შეიძლება ადამიანმა განგებას აჩუქოს. მათ შორის იმის განცდა, რომ რამდენჯერაც ხელმოცარული ჩამოვა საბა პარიზიდან და ურბედან, იმდენჯერ ჯიუტად უნდა მიბრუნდეს უკან, რადგან ამათ იქეთ - ვსესვიატსკოეა, ქართველთა გადათხრილი საფლავები და ექსპორტისთვის გამზადებული რუსი სტრაცები და ის დათვიც სადღაც იქ ტრიალებს...

მადლობა სითბოსთვის, გაძლებისთვის და რაც მთავარია, პატიებისთვის", - დაწერა ირაკლი ვეკუამ.

ჩეხეთში საქართველოს ელჩი თეა მაისურაძე

ჩეხეთში საქართველოს ელჩის პოზიციიდან გადადგომაზე განცხადება დაწერა თეა მაისურაძემ. მან X-ზე დაწერა, რომ საქართველოს ევროპული მომავლის ერთგული რჩება.

თანამდებობდა არ დაუტოვებია, თუმცა პროევროპული პოზიცია დააფიქსირა სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩმა, თარაშ პაპასქუამ.

"ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი ევროპა და მეტი ნატო; გვჭირდება მეტი სოლიდარობა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგომა! საქართველო არის ევროპა",- დაწერა მან სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად მედიაში გავრცელდა, შემდგომ კი ირაკლი კობახიძის მიერ დადასტურდა ინფორმაცია აშშ-ში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის გადადგომაზე. პრემიერმა მას სოლიდარობა გამოუცხადა და თქვა, რომ ელჩზე იყო მძიმე ზეწოლა "ნაცებისგან". თავად ზალკალიანს გადადგომაზე ან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საჯარო პოზიცია არ დაუფიქსირებია.

შეგახსენებთ, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისში, მთავრობის კურსის მიმართ კრიტიკული პოზიცია დააფიქსირა და თანამდებობა დატოვა საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, გოჩა ჯავახიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები