საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის მიზანია შუა დერეფანი გახდეს უფრო სწრაფი, საიმედო და პროგნოზირებადი. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ, ბათუმში, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საზღვაო ფორუმის ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გლობალური ეკონომიკის ახალი გამოწვევების ფონზე, როდესაც მარშრუტების დივერსიფიკაციის, მიწოდების ჯაჭვების მდგრადობისა და ევროპასა და აზიას შორის საიმედო კავშირების როლი სულ უფრო იზრდება.
"საქართველო საუკუნეების განმავლობაში იყო ადგილი, სადაც ერთმანეთს ხვდებოდა აღმოსავლეთი და დასავლეთი, ევროპა და აზია და დღეს ჩვენ ვართ შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილი, რომელსაც დიდი პოტენციალი და სტრატეგიული დატვირთვა აქვს. მსოფლიო ბანკის შეფასებით, შესაბამისი ინვესტიციებისა და ეფექტიანობის ზრდის შემთხვევაში, 2030 წლისთვის შუა დერეფანში ტვირთნაკადები შესაძლოა გასამმაგდეს, ხოლო გადაზიდვის დრო - განახევრდეს.
ჩვენ ამ შესაძლებლობის ასათვისებლად გრძელვადიანი გეგმა შევიმუშავეთ. 2032 წლამდე ვგეგმავთ დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზებას ძირითადი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ჩვენი 10-წლიანი გეგმა ითვალისწინებს რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგებასა და ტვირთის გადაზიდვის დროის განახევრებას, ნავსადგურების გამტარუნარიანობის გაორმაგებას და საერთაშორისო აეროპორტების გამტარუნარიანობის გასამმაგებას.ამ ხედვას უკვე მოჰყვა კონკრეტული ნაბიჯები და მნიშვნელოვანი ინვესტიციები. დავიწყეთ საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლება - მხოლოდ მიმდინარე წელს, რკინიგზის ინფრასტრუქტურისა და მოძრავი შემადგენლობის განახლებისთვის, ერთ მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. უკვე დასრულებულია აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის 75%-ის მშენებლობა”, - აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, მზარდი ტვირთნაკადების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საპორტო შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას და ამ მიზანს ემსახურება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი, რომლის მშენებლობაც აქტიურად მიმდინარეობს.
„განხორციელებული ინვესტიციებისა და საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგები აისახება სექტორის მაჩვენებლებზე - 2026 წელს რეკორდული დინამიკა გვაქვს როგორც საზღვაო და სარკინიგზო, ისე საავიაციო მიმართულებით. საზღვაო სექტორში ერთი ფანჯრის სისტემის დანერგვით გაციფრულდა და კიდევ უფრო გამარტივდა ნავსადგურებში გემების მომსახურების პროცედურები.
მზარდი ტვირთნაკადების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი საპორტო შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი, რომლის მშენებლობაც აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენ ანაკლიის ნავსადგურს Landlord Port Model-ის საფუძველზე განვავითარებთ, რომლის ფარგლებში სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად სტრატეგიულ საპორტო ინფრასტრუქტურას, ხოლო კერძო სექტორი - ტერმინალების განვითარებასა და ოპერირებას. ეს მიდგომა აბალანსებს სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესებსა და კერძო სექტორის მონაწილეობას, ქმნის ფართო რეგიონული და საერთაშორისო მონაწილეობის შესაძლებლობას და უზრუნველყოფს საპორტო ინფრასტრუქტურაზე სამართლიან წვდომას“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველომ საზღვაო ტრანსპორტის სექტორში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა და საერთაშორისო საზღვაო სტანდარტების დანერგვას განაგრძობს.
„შუა დერეფნის წარმატება და მისი პოტენციალის სრულად ათვისება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტიანად ვაკავშირებთ ჩვენს ინფრასტრუქტურას და სატრანსპორტო სისტემებს. ასეთი თანამშრომლობის კარგი მაგალითია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა და ივნისიდან სრულად შევიდა ექსპლუატაციაში.
ჩვენი მიზანია, შუა დერეფანი გახდეს უფრო სწრაფი, საიმედო და პროგნოზირებადი. ამისთვის მნიშვნელოვანია კოორდინირებული მოქმედება და შავი ზღვის დაკავშირებადობის შემდგომი გაძლიერება.
ამ ძალისხმევის ცენტრში დგას ადამიანური კაპიტალი. ქართველი მეზღვაურები და საზღვაო დარგის პროფესიონალები საქართველოს მნიშვნელოვანი რესურსია და მათთვის თანამედროვე განათლებისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების უზრუნველყოფა ჩვენი პრიორიტეტია. მზად ვართ, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით, მომავალშიც აქტიური წვლილი შევიტანოთ შავი ზღვის რეგიონში საერთაშორისო საზღვაო სტანდარტების გაძლიერებაში.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შავ ზღვაზე უსაფრთხო ნაოსნობას, რეგიონში მშვიდობას, სტაბილურობას და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვას. საქართველო რჩება საერთაშორისო სამართლისა და წესებზე დაფუძნებული საზღვაო წესრიგის ერთგული. საქართველომ საზღვაო ტრანსპორტის სექტორში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა და საერთაშორისო საზღვაო სტანდარტების დანერგვას განაგრძობს. მჯერა, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ხელს შეუწყობს პარტნიორობის გაძლიერებას, რეგიონული კავშირების შემდგომ განვითარებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას საქართველოსთვის, შავი ზღვის რეგიონისა და მთლიანად შუა დერეფნისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




























