მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახალი სამინისტრო და 3 საკადრო ცვლილება მინისტრთა კაბინეტში

კობახიძე

„ოცნების“ მთავრობის შემადგენლობაში საკადრო ცვლილებებია. როგორც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაიყოფა და ცალკე უწყებად ჩამოყალიბდება რეგიონული განვითარების სამინისტრო. პრემიერმა აღნიშნა, რომ ახალი სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისია რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების მაქსიმალური ეფექტიანობისა და ხარჯეფექტიანობის უზრუნველყოფა იქნება.

ახალ უწყებას სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი ჩაიბარებს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობამ უკვე შეიმუშავა და საქართველოს პარლამენტში წარადგინა შესაბამისი კანონპროექტი, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობასთან გავლილი კონსულტაციების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი 15-18 აპრილის სასესიო კვირაში მიიღებს. საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას კი ირაკლი ქარსელაძე რძელებს.

გრიგოლ ლილუაშვილის რეგიონული განვითარების მინისტრად გადაყვანის გამო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი დაინიშნება, რომელიც სამინისტროს რამდენიმე თვის განმავლობაში მართავდა. ამასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და საპარლამენტო უმრავლესობასთან გავლილი კონსულტაციების თანახმად, საქართველოს პარლამენტში ანრი ოხანაშვილის დამტკიცებას მიმდინარე კვირის პარასკევს ეყრება კენჭი.

ხოლო იუსტიციის სამინისტროში ოხანაშვილს „ქართული ოცნების“ დეპუტატი პაატა სალია ჩაანაცვლებს. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი, იურისტი საქართველოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები