„სინამდვილეში არჩევნების სამინისტრო შექმნეს“ - ასე ეხმაურება თავდაცვის ექს-მინისტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელი „ქართული ოცნების“ მთავრობაში დღეს განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს.
როგორც რამდენიმე წუთის წინ „ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ორად გაიყოფა, შეიქმნება ახალი სამინისტრო [რეგიონული განვითარების სამინისტრო], რომელსაც სუსის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი უხელმძღვანელებს.
„1. სინამდვილეში არჩევნების სამინისტრო შექმნეს და ზუსტად ის კაცი დაუნიშნეს მინისტრად, რომელსაც ბოლოს ზუსტად ეს საქმე ჰქონდა დავალებული, საარჩევნოდ რეგიონების უზრუნველყოფა.
2. იმედი აქვთ, სუსის უფროსის ცვლილებას უცხოელებთან კარგად გაყიდიან. არჩევნების შემდეგ, სადაც ოპოზიცია დაობდა, იქ ცვლილება განვახორციელეთო.
3. ანრი ოხანაშვილის გადანაცვლება მგონი ყველაზე მარტივად ასახსნელია, ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე ირაკლი კობახიძეს აბარებს სისტემას, მასვე კიდებს მთლიანად პასუხისმგებლობას და შეეცდება, ბოლომდე მასვე შეაწმინდოს ხელები“, - დაწერა თინა ხიდაშელმა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: „ქართული ოცნება" რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორად ყოფს და პირველ ნაწილს გრიგოლ ლილუაშვილი უხელმძღვანელებს. სუსის უფროსად ანრი ოხანაშვილი გადაჰყავთ, ხოლო იუსტიციის მინისტრად პაატა სალია დაინიშნება.