"ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ახალი ხელმძღვანელი ანრი ოხანაშვილი წარადგინა.
„მე მინდა, თქვენს წინაშე ოფიციალურად წარვადგინო სახელმწიფო უსაფრთხოების ახალი ხელმძღვანელი, ბატონი ანრი ოხანაშვილი. ის მთელი ამ წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. განსაკუთრებით, როდესაც ის მოღვაწეობდა საქართველოს პარლამენტში, იყო იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი, მოგვიანებით ის დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცირე ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა. მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული იმაში, რომ ბატონი ანრი ოხანაშვილი იქნება ძალიან ღირსეული ხელმძღვანელი ამ უმნიშვნელოვანესი სამსახურის. მას აქვს ყველა თვისება იმისათვის, რომ ღირსეულად უხელმძღვანელოს სახელმწიფო სამსახურს. ის არის ნამდვილი პროფესიონალი, ღირსეული ადამიანი, კეთილსინდისიერი და ეს არის სწორედ ის თვისებები, რაც აუცილებელია იმ პოზიციის დასაკავებლად, რასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობა ჰქვია“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, "ოცნების" პრემიერმა მადლობა გადაუხადა გრიგოლ ლილუაშვილს და მის მოადგილეებს სუს-ში მუშაობისთვის.
“გასული ექვსი წელი იყო განსაკუთრებული სირთულეებით სავსე ჩვენი ქვეყნისთვის, იყო საგანგებო გამოწვევები, რომელთა წინაშეც იდგა ჩვენი ქვეყანა. ამ რთული გამოწვევების ფონზე ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი ძალიან დიდი ღირსებით, პროფესიონალიზმით და კეთილსინდისიერებით უძღვებოდა იმ საქმეს, რასაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჰქვია. კიდევ ერთხელ მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს, მისი ღვაწლისთვის და უმნიშვნელოვანესი საქმიანობისთვის, რომელსაც ის ახორციელებდა გასული ექვსი წლის განმავლობაში. მე ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონი გრიგოლის მოადგილეებს, ბატონ ალექსი ბატიაშვილს, ბატონ გიგა ნიკოლეიშვილს, ბატონ ლევან ახობაძეს, ბატონ შენგელი ფიცხელაურს, თითოეულ მათგანს ასევე განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და უსაფრთხოების შემდგომ განმტკიცებაში“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, სუს-ს ამ დრომდე გრიგოლ ლილუაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც "ოცნების" თავდაპირველი გეგმით ახალშექმნილი რეგიონული განვითარების სამინისტროს უნდა ჩასდგომოდა სათავეში, თუმცა გუშინ ცნობილი გახდა, რომ ლილუაშვილი ამ პოსტზე აღარ დაინიშნება. კობახიძემ მიზეზად "განსხვავებული მოსაზრებები" დაასახელა.




























