რეგიონული განვითარების მინისტრად გრიგოლ ლილუაშვილს აღარ ნიშნავენ. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„გასული დღეების განმავლობაში გვქონდა კონსულტაციები გრიგოლ ლილუაშვილთან და გაირკვა, რომ გვქონდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის სამინისტროში გასატარებელ საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი აღარ დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს. მის ნაცვლად დაინიშნება კახა გულედანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ლილუაშვილსა და მას შორის განსხვავებული პოზიციები ძირითადად მინისტრის მოადგილეებთან დაკავშირებით იყო.
"რამდენიმე თემა იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მინისტრის მოადგილეების საკითხი. როგორც მოგეხსენებათ, კანონის თანახმად, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიშნება მინისტრის მოადგილეები მინისტრის წარდგინებით. აქ იყო განსხვავებული შეხედულებები. საქმე არ ეხებოდა, მხოლოდ პერსონებს.
იყო განსხვავებული შეხედულებები, რომელიც არსებითად დაკავშირებული იყოს კონკრეტული კადრების მიერ სამინისტროს ფუნქციების ამა თუ იმ ფორმით შესრულებასთან დაკავშირებით. დანარჩენი შიდა სამზარეულოა. თუმცა იყო სხვადასხვა საკითხი. ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჯანსაღი დიალოგი ამ თემასთან დაკავშირებით და ერთობლივად მივედით გადაწყვეტილებამდე", - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე - თუ სად მიდის გრიგოლ ლილუაშვილი, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით თავად ლილუაშვილი იტყვის.
ცნობისთვის, გრიგოლ ლილუაშვილი ამ დრომდე სუს-ის უფროსის თანამდებობას იკავებდა. "ოცნების" მთავრობას ის მიმდინარე კვირის დასაწყისში დაანონსებული ახალი სამინისტროს ხელმძღვანელად უნდა გადაეყვანა, თუმცა, ახლა ირკვევა, რომ მისი მინისტრად დანიშვნა გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობის გამო გადაიფიქრეს.




























