"ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი ანრი ოხანაშვილი წარუდგინა. როგორც წარდგენისას ოხანაშვილმა აღნიშნა, ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ირაკლი კობახიძის მიერ გამოცხადებული ნდობა გაამართლოს თავის მოადგილეებთან - ირაკლი ბერაიასთან, გელა გელაძესა და ლევან ხარანაულთან ერთად.
„ჩემთვის განსაკუთრებული პატივია ის დიდი და გამორჩეული ნდობა, რომელიც გამომიცხადა პრემიერ-მინისტრმა, სამთავრობო გუნდმა და შემდგომ უკვე საქართველოს პარლამენტმა. მსურს, გამოვხატო მადლიერება გრიგოლ ლილუაშვილის მიმართ, მისი დამოკიდებულების მიმართ იმ ურთიერთობასთან დაკავშირებით, რაც ჩვენ წლებია, გვაკავშირებს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს განსაკუთრებული ნდობა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გამომიცხადა, უმაღლეს დონეზე გავამართლო. გავამართლო ჩემს მოადგილეებთან ერთად. ირაკლი ბერაია, რომელიც პირველ მოადგილედ არის დანიშნული, გელა გელაძესა და ლევან ხარანაულთან ერთად. ჩვენ მუხლჩაუხრელად ვიშრომებთ იმისთვის, რომ ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც გვაკისრია ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე, როგორც აქამდე განვაგრძოთ, განვამტკიცოთ, ინსტიტუციურად კიდევ უფრო გავძლიერდეთ და რაც მთავარია, ვიყოთ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე.“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში Bm.ge-ის დაუდასტურეს, რომ ანრი ოხანაშვილის მოადგილეებად წარდგენილია დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი და ასევე პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, ასევე გელა გელაძე, რომელიც თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში და ლევან ხარანაული, რომელიც იუსტიციის მინისტრობის პერიოდში იყო ოხანაშვილის მოადგილე.
ცნობისთვის, ანრი ოხანაშვილი ამ დრომდე იუსტიციის მინისტრის პოსტს მხოლოდ რამდენიმე თვით იკავებდა. მანამდე ის იყო "ოცნების" წევრი დეპუტატი პარლამენტში. სუს-ის ხელმძღვანელობა კი გრიგოლ ლილუაშვილს ჰქონდა ჩაბარებული, რომელიც ამ თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, "ოცნების" თავდაპირველი გეგმით, ახალშექმნილ რეგიონული განვითარების სამინისტროს უნდა ჩასდგომოდა სათავეში, თუმცა გუშინ ცნობილი გახდა, რომ ლილუაშვილი ამ პოსტზე აღარ დაინიშნება. კობახიძემ მიზეზად "განსხვავებული მოსაზრებები" დაასახელა.