"ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტის მიერ არჩეული პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რუსული კანონის (უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის) ფარგლებში იუსტიციის სამინისტრო უახლოეს მომავალში აქტიური ნაბიჯების გადადგმას დაიწყებს.
"კანონი სრულად არ არის ამოქმედებული. წინასაარჩევნო გარემო იყო, იყო რისკი, რომ ეს ვინმეს არჩევნების წინააღმდეგ სპეკულაციებისთვის გამოეყენებინა სრულად, ამიტომ იუსტიციის სამინისტროს მიდგომა იყო რბილი, რასაც ჰქონდა ობიექტური საფუძველი.
უნდა დაიწყოს პროცესი, რადგან ამ NGO-ების გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და სახელმწიფო ინტერესებისთვის. ახალი შესულია [უწყებაში] ახალი იუსტიციის მინისტრი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
უნდა აღინიშნოს, რომ იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი ანრი ოხანაშვილი, ირაკლი კობახიძემ გუშინ წარუდგინა.
"ქართული ოცნების" მიერ მიღებული რუსული კანონის ფარგლებში ორგანიზაციების რეგისტრაციის ვადა 2024 წლის 1 სექტემბერს ამოიწურა. იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილ რეესტრში ამ დროისთვის 382 ორგანიზაცია არის რეგისტრირებული.
რუსული კანონი 5 000-დან 25 000 ლარამდე სანქციებს ითვალისწინებს:
1. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საფინანსო დეკლარაციის იმავე მუხლით დადგენილ ვადაში წარუდგენლობა
გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით.
2. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობა, ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით ან მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარვეზის აღმოფხვრის ვალდებულების შეუსრულებლობა ან ამ კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული განაცხადის შევსებისა და წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების გაგრძელება იმავე ქმედების ჩადენისთვის ბოლოს დადებული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 თვის განმავლობაში –
გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირისთვის მის მიერ ამ კანონის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით,"- ნათქვამია კანონში.