პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბიზნესთან 2.5-საათიანი შეხვედრის შემდეგ ბიზნესმენს, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელს თემურ ჭყონიას გამოაქვს დასკვნა, რომ ე.წ. "რუსულ კანონში" რაღაც ცვლილება იქნება, თუმცა ის ამბობს, რომ კანონპროექტის გაწვევაზე საუბარი არ ყოფილა.
თემურ ჭყონია 80-მდე ბიზნესმენიდან ერთადერთი იყო, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციასთან მისულ მედიასთან შეხვედრის შესახებ კომენტარისთვს გაჩერდა.
ბიზნესმენი თვლის, რომ დღეს მთავრობის მხრიდან ზეწოლა არ ხდება და სხვა ბიზნესმენების მაგივრად, მათ განცხადებებზე კომენტარს ვერ გააკეთებს. თემურ ჭყონია ამბობს, რომ შეხვედრისას მთავარი სასაუბრო თემა არჩევნები და ის იყო, რომ ბიზნესმა სტაბილურად მუშაობა უნდა განაგრძოს. ჟურნალისტების კითხვებზე - შეძლებს თუ არა კერძო სექტორი, დასავლეთის კრიტიკული მოწოდებების შემდეგ მუშაობის სტაბილურად გაგრძელებას, ბიზნესმენი პასუხობს, რომ შეძლებს.
BMG ჟურნალისტების კითხვებზე თემურ ჭყონიას პასუხებს ინტერვიუს ფორმატში გთავაზობთ:
- მე ისეთი დასკვნა გამომაქვს, რომ რაღაც ცვლილებები მოხდება. გაწვევის თემის შთაბეჭდილება არ დამრჩა. პრობლემა არის სახელი, რომ რუსული კანონი ჰქვია და ეს სახელი მიუღებელია საზოგადოებისთვის. მე დავაფიქსირე, რომ პრობლემა შინაარსი არ არის, პრობლემა სახელია... შინაარსი არ ვიცი და რას უნდა ვეთანხმებოდე. ბიზნესსაზოგადოება იყო და სერიოზული საუბარი იყო... მაგალითად, დიმიტრი აბდუშელიშვილმა უთხრა, რომ ახალგაზრდებს რომ სცემენ, პოლიცია გააფრთხილონ, რომ ეს არ მოხდეს
- აქვს თუ არა პრემიერს რესურსი, რომ შეცვალოს პოზიცია?
- ცვლილების რესურსი არსებობს... რაც არ უნდა მოხდეს, სახელი - "რუსული კანონი" პრობლემაა...
- ცდილობს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ბიზნესზე ზეწოლას?
- არა. გამორიცხულია ბიზნესზე ზეწოლა, როგორ უნდა მოახდინო.
- ბიზნესებს გასულ კვირას ხელისუფლების წნეხის შედეგად მოუწიათ "გამჭვირვალობის" მხარდამჭერი განცხადებების გაკეთება...
- ყველა ბიზნესმენს თავისი ცხოვრების წესი, სტილი და ტვირთი აქვს...
- რა ნაწილში დაინახეთ, რომ ხელისუფლება შეიძლება საზოგადოებასთან დათმობაზე წავიდეს...
- პროტესტის გამო დათმობაზე წასვლა არ ვიცი, მაგრამ ის, რომ კონსტიტუციაში წერია, რომ ჩვენი გზა ევროპისკენ მიდის, ამაზე გარდაუვლადაა საუბარი. ირაკლი კობახიძემ დეკლარირებულად, ჩვენს წინაშე გამოაცხადა, რომ ჩვენი გზა ევროპაშია. შეიძლება რაღაც ცვლილებები დისკუსიის დროს მოხდეს და [კანონი] შერბილდეს, მაგრამ ჩემი პირადი აზრია, "რუსული კანონი" რომ ჰქვია, ეს თემა ასე იოლად არ დასრულდება.
- დასავლეთი სანქციებზე საუბრობს და ამ შემთხვევაში როგორ უნდა იმოქმედოს ბიზნესმა?
- სანქციები რთული თემაა, არავის არაფერი არ მოუვა.
- რა იყო პრემიერთან შეხვედრაზე ძირითადი სასაუბრო თემა?
- ძირითადი სასაუბრო თემა იყო ის, რომ ბიზნესი უნდა იყოს სტაბილურად; ჩვენ სერიოზული მოთხოვნები არ გვქონია, რადგან მე თვითონ არ მიყვარს მოთხოვნების დაყენება, ყველა ბიზნესმა თავს თვითონ უნდა მოუაროს და გაძლიერდეს, მაგრამ თემა იყო, რომ არჩევნები იქნება გამჭვირვალე და სწორი. განწყობა ისეთი იყო, რომ ბიზნესი უნდა მუშაობდეს წყნარად..
- ევროკავშირის და ამერიკის მოწოდებების შემდეგ, როგორ წარმოგიდგენიათ ბიზნესის სტაბილურობა?
- ეს მოწოდებები ხომ მოწოდებებია... პრემიერ-მინისტრი აპირებს ევროპარლამენტარებთან და ოპონენტებთან საუბარს, რომ კანონის ისეთი საბოლოო შედეგი მიიღოს, რომ ყველასთვის მისაღები იყოს.
- შეიძლება დათმობებზე წავიდეს ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტია?
- დიახ, მაგრამ რა ნაწილში არ ვიცი... [კანონის] გაწვევაზე საუბარი არც ყოფილა.