პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე “რუსული კანონის” მიღებას ქვეყნის გამარჯვებად აფასებს და აცხადებს, რომ ახლა ყველამ პრაგმატულად უნდა იმოქმედოს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
“ამ კანონის მიღება, არ უნდა განვიხილოთ, როგორც ხელისუფლების გამარჯვება და ამ კანონის მიღება არ უნდა განვიხილოთ, როგორც ამ კანონის ოპონენტების მარცხად. მით უმეტეს, არ შეიძლება გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება განვიხილოთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დამარცხებად. ხშირად ცდილობენ ხოლმე, ასე წარმოაჩინონ ეს ყველაფერი. გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებით გაიმარჯვა მხოლოდ საქართველომ.
მისმა სუვერენიტეტმა და უსაფრთხოებამ. შესაბამისად, ამ კანონის მიღებით დამარცხდნენ მხოლოდ ქვეყნის არაკეთილმოსურნეები, ეს ცალსახად შეიძლება ითქვას. ამ ორი თვის განმავლობაში კანონის შესახებ ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდა, იყო ჭარბი ემოციები, რასაც ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ ხელოვნური საფუძველი, თუმცა ახლა კანონი უკვე ძალაშია და ყველამ უნდა ვიმოქმედოთ პრაგმატულად, ცივი გონებით და გვერდზე უნდა გადავდოთ არასაჭირო ემოციები. ეს განსაკუთრებით ეხებათ ადამიანებს, რომლებიც ლიბერალურ-ფაშისტური ქმედებებით ცდილობენ გადაფარონ პროტესტის წარუმატებლობით გამოწვეული იმედგაცრუება”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.