მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NUTS INCORPORATED-მა საქართველოში Ferrero-ს თხილის ბაღები $18 მილიონად იყიდა - გეგმები

6139e96331084
ვიქტორია მღებრიშვილი
09.09.21 15:00
2746
ნუშის ბაღების მმართველმა კომპანია NUTS INCORPORATED-მა Ferrero-ს შვილობილი კომპანია „აგრიჯორჯიასგან“ სამეგრელოში, კერძოდ, სენაკში, აბაშასა და მარტვილში 1 800 ჰა-ზე გაშენებული თხილის ბაღები 18 მლნ დოლარად შეისყიდა. ამის შესახებ BM.GE-ის NUTS INCORPORATED-ის დირექტორმა თორნიკე ლათათიამ განუცხადა.

კომპანიის ხელმძღვანელი „აგრიჯორჯიას“ მიერ ბაღების გაყიდვის მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ გაფართოებაზე მუშაობენ, თან კვლავ „აგრიჯორჯიას“ ხარჯზე.

მისი ინფორმაციით, 1 800 ჰა-დან მსხმოიარე მხოლოდ 1 100-ია, დანარჩენი 700 ჰა-ს კი კომპანია საკუთარი ფინანსური რესურსით აღადგენს.

შედეგად კომპანია დღეს უკვე 2 600 ჰა-ზე გაშენებულ ბაღებს მართავს, საიდანაც 800 ჰა-ზე ნუშის პლანტაციები მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლში მდებარეობს, ხოლო 1 800 ჰა თხილის ბაღები სამეგრელოშია.

თორნიკე ლათათია NUTS INCORPORATED-ის გაფართოების და თხილის ბიზნესში შესვლის მიზნებსა და გეგმებს გვიზიარებს.

„კომპანიისთვის მნიშვნელოვანია სარეალიზაციო პროდუქციის მოცულობები და ასორტიმენტი. ამიტომ ნუშთან ერთად თხილის მიმართულებით გააქტიურება გადავწყვიტეთ. რაც უფრო დიდია გაყიდვის მასშტაბი, მით უფრო დაბალია ფასი და თვითღირებულება. შესაბამისად, მივყვებით მოცულობების გაზრდის გეგმას. თხილის სხვადასხვა სახეობის შემსყიდველები ძირითადად რამდენიმე სახეობას ერთდროულად ყიდულობენ. ჩვენი მიზანია წარმოება საინტერესო მოცულობებამდე გავზარდოთ და პარტნიორებს მისაღები შეთავაზებები გავუკეთოთ“, - ამბობს NUTS INCORPORATED-ის დირექტორი.

1 000 ტონამდე თხილი და 100 ტონამდე ნუში - ასეთია კომპანიის 2022 წლის მოსავლიანობის მოლოდინები. ადგილობრივი მწარმოებელი პროდუქტის რეალიზებას ძირითადად საექსპორტო ბაზრებზე გეგმავს და მათ შესწავლასაც ახორციელებს.

„მომავალ წელს ნუშის ბაღებიდან პირველ მოსავალს მივიღებთ და საექსპორტო ბაზრებიც შერჩეული გვაქვს. ამ მხრივ, ყველაზე მაღალმსყიდველუნარიანი ქვეყანა გერმანიაა და ყველაზე მოცულობით შესყიდვებს ახდენს. მას მოჰყვება დიდი ბრიტანეთი. აშშ ევროპის 65%-ს ამარაგებს, მისი მოცულობები დიდია და შესაბამისად, ფასიც დაბალია, თუმცა ლოგისტიკის ნაწილში საქართველო გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე მეტად კონკურენტუნარიანები ვართ. ჩვენ პროდუქტის ტრანსპორტირებისთვის, დაახლოებით, 5 დღე გვჭირდება, მაშინ როდესაც აშშ-დან ეს 1.5 თვის განმავლობაში ხერხდება. შესაბამისად, მათთვის კონკურენციას გაწევას ნუშის ხარისხით და თვითღირებულების ნაწილშიც შევეცდებით.

რაც შეეხება თხილს, მისი საექსპორტო ბაზრები გაფანტულია, თუმცა თხილს ჩვენ იმავე ბაზრებზე გავიტანთ, სადაც ნუშს“, - განმარტავს თორნიკე ლათათია.