მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომის დაწყების შემდეგ საქართველომ რუსეთიდან იმპორტი გაზარდა

625e799f87e71
შოთა ტყეშელაშვილი
19.04.22 13:06
1704
საქსტატმა დღეს მარტის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველომ რუსეთთან საიმპორტო კავშირები გაზარდა. მარტში ქვეყანამ 91.6 მილიონი დოლარის რუსული საქონელი შეიძინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.2 მილიონი დოლარით (2.5%-ით) მეტია. 

საქსტატის თანახმად, რუსულ იმპორტში წამყვან პოზიციებს ენერგომატარებლები - ნავთობი, ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია იკავებს. თანხრობრივად იმპორტის მატებას ძირითადად ენერგომატარებლების გაძვირება განაპირობებდა.

რა შეიძინა საქართველომ რუსეთიდან ომის დაწყების შემდეგ:

1 ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 21.9 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 89%
2 ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - 15.3 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -27%
3 ელექტროენერგია - 7.8 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 227%
4 კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის - 5.8 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 184%
5 მარგარინი - 3.4 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 78%

იმპორტისგან განსხვავებით, შემცირებულია რუსეთში ექსპორტი. მარტში საქართველომ რუსეთში $16.9 მილიონის საქონელი გაიტანა ექსპორტზე, რაც წინა წელთან შედარებით 56%-ით ნაკლებია. 

თუ 2021 წლის მარტში რუსეთში ექსპორტირებული იყო 9.5 მილიონის ღვინო, წელს ექსპორტმა 5.4 მილიონი შეადგინა. ამასთანავე, გასულ წელს მარტში ექსპორტზე რუსეთში გავიდა 9.8 მილიონის ფეროშენადნობები, წელს მარტში კი მანგანუმის პროდუქციის ექსპორტი რუსეთში საერთოდ არ განხორციელებულა. 

რა გაიტანა საქართველომ რუსეთში ექსპორტზე მარტის განმავლობაში:

1  ყურძნის ნატურალური ღვინოები - 5.4 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან  -44%
2  მინერალური და მტკნარი წყლები - 4.9 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან  -15%
3  სიგარეტები - 0.9 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან  14%
4  სპირტიანი სასმელები - 0.8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან  -69%
5  გაზიანი სასმელები შაქრით - 0.7 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -57%

გაცილებით უფრო დიდი 93% იყო ვარდნა უკრაინაში საქართველოს ექსპორტში. თუკი 2021 წელს უკრაინაში საქართველოს ექსპორტი 24.6 მილიონი დოლარი იყო, წელს მან 1.8 მილიონი შეადგინა. მათ შორის 1.3 მილიონი დოლარი არა პირდაპირ ექსპორტს, არამედ ჰუმანიტარულ დახმარებას წარმოადგენდა.