29.ნოემბერი .2021 12:00

ონლაინთამაშებისთვის გადასახადები 60-65%-ით იზრდება - რეგულაციის დეტალები ცნობილია

ონლაინთამაშებისთვის გადასახადები 60-65%-ით იზრდება - რეგულაციის დეტალები ცნობილია
views 878
უკან

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა დღეს მთავრობის სხოდმაზე აზარტული თამაშების რეგულირების ახალი მოდელი წარადგინა. მისი თქმით, ონლაინ-პროვაიდერებისთვის საგადასახადო დასაბეგრი ბაზა 60-65%-ით გაფართოვდება,  პარალელურად, 1 მილიონამდე მოქალაქეს აზარტული თამაშების უფლება შეეზღუდება. მათ შორის არიან 25 წლამდე მოქალაქეები, საჯარო მოხელეები და სოცდაუცველები. 

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საგადასახადო თვალსაზრისით მოსალოდნელია, რომ ბიუჯეტის მიერ მიღებული შემოსავალი მეტწილად უცვლელი დარჩება და ის წლიურად 300-400 მილიონი იქნება, რადგანაც მთავრობა 1 მილიონი ადამიანისთვის თამაშის აკრძალვასთან ერთად, მნიშვნელოვნად ზრდის ამ სექტორისთვის არსებულ გადასახადებს, რამაც ეს კლება უნდა დააბალანსოს. ამასთანავე, მომხმარებლის უცხოურ სისტემებზე გადინების თავიდან ასარიდებლად, ქართულ ბანკებს და საგადახდო პროვაიდერებს აეკრძალებათ გადარიცხვების განხორციელება იმ ანგარიშებზე, რომლებიც უცხოურ სათამაშო ვებგვერდებთან არის აფილირებული. 

აზარტული თამაშების რეგულირების ახალი მოდელი ასეთია:

"ონლაინ-სათამაშო ბიზნესისთვის სრულად იცვლება დაბეგვრის წესი, კერძოდ განაწილებული მოგების გადასახადის ნაცვლად დაიბეგრება GGR, რაც არის მიღებულ ფსონსა და გაცემულ თანხას შორის სხვაობა, 10%-იანი გადასახადით და მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის მიღებული პრაქტიკა მთელ მსოფლიოში ამ ბიზნესის დაბეგვრის. გარდა ამისა, გაცემული მოგებები თანხის გატანისას დაიბეგრება 2%-იანი საშემოსავლო გადასახადით.

ჯამურად, 60-65%-ით გაიზრდება საგადასახადო დასაბეგრი ბაზა აღნიშნული სექტორისთვის.

მთლიანობაში ამ ცვლილებების ფონზე, იმ დამატებით ცვლილებებთან ერთად, რაც წარმოდგენილია, მათ ნეიტრალური ეფექტი ექნება სახელმწიფო ბიუჯეტზე.

ეს რეგულაციები მოიცავს ერთიანი ასაკობრივი ზღვრის შემოღებას, რომელიც არის 25 წელი და ეს გავრცელდება, როგორც ონლაინ სათამაშო ოპერატორებზე, ასევე ხმელეთის სათამაშო ოპერატორებზე. ასაკობრივი ზღვარი არ შეეხება უცხოეთის მოქალაქეებს.

განისაზღვრება პირთა წრე, რომელთაც შეზღუდული ექნება სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა, რის ადმინისტრირებასაც განახორციელებს შემოსავლების სამსახური, კერძოდ, პირებს, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მიზნით, ასევე გათვალისწინებულია აკრძალვა სასამართლო გადაწყვეტილებით. ჯამში, 1 მილიონამდე სრულწლოვან მოქალაქეს შეეზღუდება თამაშები.

გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს კონტროლის მექანიზმების შემოღებას, რასაც შემოსავლების სამსახური განახორციელებს. საუბარია რეგისტრაციის, თანხის შეტანის და გამოტანის წესების გამკაცრებაზე, ერთი მოთამაშიდან მეორე მოთამაშეზე თანხის გადარიცხვა შეიზღუდება.

რეკლამის ნაწილში შეიზღუდება სრულად გარე და სატელევიზიო რეკლამა, ასევე ქართულ ვებგვერდებზე რეკლამის განთავსება. სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულებების გაფორმება, რაც მიღებული პრაქტიკაა მთელ მსოფლიოში.

ბოლო ნაწილი ეხება უცხოეთში თანხის გადარიცხვის შეზღუდვას, საგადასახდო მომსახურების პროვაიდერებს დაეკისრებათ ვალდებულება არ დაუშვან მათ მიერ გამოშვებული საგადასახდო ბარათებით უცხო ქვეყნის სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი ფირმის სასარგებლოდ განხორციელდეს გადახდების განხორციელება, რაც ასევე არის შეზღუდვის მექანიზმი, რათა ეფექტიანად მოხდეს ამის განხორციელება", - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა