მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზარტული თამაშების სექტორმა ბიუჯეტში 739 მლნ ლარი გადაიხადა - ზრდა 65%-ია

641c22c9cc61e
შოთა ტყეშელაშვილი
23.03.23 14:03
1958
2022 წლის განმავლობაში აზარტული თამაშების სექტორმა სახელმწიფო ბიუჯეტში რეკორდული მოცულობის თანხა, 739 მილიონი ლარი გადაიხადა - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ მოსმენაზე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

აზარტული თამაშების კომპანიებისგან მიღებული გადასახადების ზრდა 2022 წელს დაბეგვრის სისტემის ცვლილებას უკავშირდება. კერძოდ ბიზნესს უწევს მოგების გადასახადის სახით მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობის 10%, ანუ GGR-ის 10% გადაიხადონ. ამ ცვლილების შედეგად, გასულ წელს სექტორის მიერ გადახდილი გადასახადების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ამასთანავე, 2022 წელს რადიკალურად შეიცვალა აზარტული თამაშების რეგულირებისა პირობები და 25 წლამდე პირებს თამაში აეკრძალათ. ასევე აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამირებაც.

აზარტული თამაშების რეგულირების შედეგები:

“2022 წლის პირველი მარტიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შესაბამისად, ძალაში შევიდა სათამაშო ბიზნესის ახალი რეგულაციები. კერძოდ, 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისათვის და დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირებისთვის (მათ შორის, სოციალურად დაუცველი პირებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის) აიკრძალა ონლაინ აზარტული თამაშები. პირველი მარტიდან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, აკრძალულ პირთა სიაში დღეისათვის შეტანილია 1 457 526 პირი. დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 4 901 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 34 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 4 867 განაცხადი დარეგისტრირდა.

გარდა ზემოაღნიშნული აკრძალვებისა, საკანონმდებლო ცვლილებებით, შეიცვალა სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის წესი და პრინციპებიც, რამაც მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი იქონია ბიუჯეტის შემოსავლებზეც.

2022 წელს სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული თანხა, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 65 პროცენტით და ჯამში 739 მლნ. ლარი შეადგინა, მათ შორის, სანებართვო მოსაკრებლიდან - 55 მლნ. ლარი, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან - 114 მლნ. ლარი, ხოლო გადასახადებიდან (დღგ, მოგება-GGR, საშემოსავლო, ქონება, იმპორტი) – 581 მლნ. ლარი

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ, შემუშავებული წინადადებების/შემდგომი ნაბიჯების დოკუმენტის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ 2022 წელს მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც აწესებს ახალი სანებართვო საქმიანობის სახეებს სისტემურ-ელექტრონული ფორმით (ონლაინ) აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზებაზე, ადგენს სანებართვო პირობებს, სანებართვო მოსაკრებლის ოდენობებს და პასუხისმგებლობას სანებართვო პირობების და წლიური სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევებზე,”- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

2022 წელს პარლამენტმა აზარტული თამაშების მოსაკრებლებიც ახალი წესით განსაზღვრა, უფრო კონკრეტულად კაზინოების; სამორინეებისა და სლოტ კლუბების მოსაკრებლები ასე ნაწილდება:

● სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზების ნებართვა, დამოუკიდებლად - წელიწადში 5 000 000 ლარი;
● სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზების ნებართვა, რომელიც გაიცემა ფიზიკურად არსებული სამორინეს მოწყობის ნებართვის საფუძველზე - წელიწადში 100 000 ლარი;
● სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა, რომელიც გაიცემა ფიზიკურად არსებული სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე - წელიწადში 100 000 ლარი;
● სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა, რომელიც გაიცემა ფიზიკურად არსებული ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის საფუძველზე - წელიწადში 100 000 ლარი.
● სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატის თამაშობების ორგანიზების ნებართვა, დამოუკიდებლად - წელიწადში 1 000 000 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები