27.სექტემბერი .2021 19:14

ოქტომბერში ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაცია იწყება

ოქტომბერში ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაცია იწყება
views 2417
უკან

15 ოქტომბერი სახელდება სავარაუდო თარიღად, როცა ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს. აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-ის კომპანია DIN GROUP-მა მიაწოდა, რომელმაც ქეთევან წამებულის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაობი უნდა განახორციელოს. როგორც კონტრაქტორი კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, აღნიშნული ინფორმაცია კომპანიას თბილისის მერიასთან ბოლო კომუნიკაციის შედეგად აქვს.

მისი განმარტებით, სამუშაოები ადგილზე ზაფხულში უნდა დაწყებულიყო, თუმცა რეაბილიტაციის თარიღმა გარკვეული მიზეზების გამო დროში გადაიწია.

“როგორ მოგეხსენებათ ადგილზე სამუშაოების განხორციელება აგვისტოში უნდა დაგვეწყო. GWP-ს ველოდებოდით. ჯერ ჩვენ უნდა დავიწყოთ სამუშაოები და შემდეგ უნდა შეიცვალოს შიდა ქსელები. საუბარი მაქვს კანალიზაციასა და სასმელ წყალზე. ახლა უკვე ველოდებით თბილისის მერიას, რომ წერილობითი დავალება მოგვცეს, ამიტომ ვართ გაჩერებულები. ბოლოს თბილისის მერიასთან სატელეფონო საუბრისას გვითხრეს, რომ რეაბილიტაციას ოქტომბრის შუა რიცხვებში დავიწყებთ”-აცხადებს ნიკოლოზ ეპიტაშვილი, კომპანია დინ გრუპის დამფუძნებელი.

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე ამბობს, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ნაწილად დაიყოფა. მისი თქმით, პირველ ეტაპზე მოძრაობა ავლაბრის მეტროდან თელავის ქუჩამდე შეიზღუდება, ხოლო სამუშაოების მეორე ეტაპი განხორცილდება თელავის ქუჩიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე, სადაც ასევე დროებით შეზღუდული იქნება გადაადგილება. აბუთიძის განმარტებით, კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოები ქეთევან წამებულის გამზირზე 2022 წლის ზაფხულში უნდა დაასრულოს.

“პირველი მონაკვეთი, რომელიც გადაიკეტება ეს იქნება ავლაბრის მეტროდან თელავის ქუჩამდე ისე, რომ მანქანებმა იმოძრაონ წურწუმიას ქუჩისკენ. შეფერხება იქნება, რაც დისკომფორტს შეუქმნის მოსახლეობას, თუმცა ამხელა მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები სხვანაირად ვერ განხორციელდება. შემდეგ იქნება უკვე მეორე მონაკვეთი, თელავის ქუჩიდან კაჩინსკის ქუჩამდე. ჯერჯერობით სარეაბილიტაციო სამუშაოები ასე გვაქვს დაგეგმილი, რომ რაც შეიძლება ნაკლები შეფერხება იყოს გადააგილების მხრივ. აქაც გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაცია, საჰაერო კაბელები მიწის ქვეშ განთავსდება. მოეწყობა ბასლაინი, ახალი განათების სისტემა”-ამბობს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე.

ცნობისთვის, საერთო ჯამში თბილისის მერიას აღნიშნული გამზირის რეაბილიტაცია 6 მილიონ ლარზე მეტი უჯდება.

ქეთევან წამებულის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი ორჯერ გამოცხადდა. პირველი ტენდერის ღირებულება 4 მილიონს აჭარბებდა, თუმცა უარყოფითი შედეგით დასრულდა. მეორე ტენდერი კი, რომელშიც უკვე გამარჯვებულად დინ გრუპი გამოცხადდა, თბილისის მერიამ გაზრდილი ბიუჯეტით, 6 090 839 ლარად გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა