მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის მერიამ დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის ვირტუალური მოდელი შექმნა - კახა კალაძე

თბილისი

დედაქალაქის ისტორიაში პირველად, უცხოელ პარტნიორებთან ერთად, თბილისის სატრანსპორტო მაკრო მოდელი შემუშავდა - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული ტექნოლოგიური გადაწყვეტით მთლიანად იცვლება ურბანული დაგეგმარების მიდგომა, რადგან აქამდე რა მოდელიც გამოიყენებოდა, იმასთან შედარებით, სრულყოფილი სტრატეგიული მოდელია. მოდელირება გამოყენებული იქნება სატრანსპორტო ნაკადების პროგნოზირებისთვის და იმის განსაზღვრისთვის თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საგზაო უბანზე მაგალითად ცალმხრივი მოძრაობის დაწესებას, ან საავტობუსე ზოლის დახაზვას თუ სხვა პროექტის განხორციელებას.

„ეს არის ქალაქის საგზაო და მობილობის სისტემის ზუსტი ვირტუალური ანალოგი, რომელიც ციფრულ სივრცეში აერთიანებს ყველა ქუჩას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებს, მოსახლეობის გადაადგილების რეალურ ნაკადებს. სანამ კონკრეტული პროექტი დაიგეგმება, წინასწარ შეგვიძლია დიდ სურათში, მასშტაბურად დავინახოთ, თუ როგორ იმოქმედებს ქალაქის ერთ წერტილში განსახორციელებელი ცვლილება მთლიან სატრანსპორტო ქსელზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აქამდე ნებისმიერი საგზაო-სატრანსპორტო იდეა წინასწარ მუშავდებოდა მიკრო მოდელირების თანამედროვე პროგრამაში და ახლა უკვე მაკრო მოდელშიც შესაძლებელია დატესტვა.

„ჩვენ შეგვიძლია ვირტუალურად გამოვცადოთ ნებისმიერი იდეა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიგეგმება შესაბამისი სამუშაოები. მაკრო მოდელირება წინასწარ გვიჩვენებს, რა გავლენას მოახდენს მოძრაობაზე ახალი ავტობუსის ზოლის დახაზვა, ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესება, მიმართულების შეცვლა თუ ახალი საგზაო კავშირის დამატება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები