თბილისის მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ტერიტორიის განაშენიანებასთან დაკავშირებით მათთან კონკრეტული პროექტი ინვესტორის მიერ წარდგენილი არაა. ამასთან, მერია აცხადებს, რომ ჯერჯერობით განაშენიანების პროექტის სართულიანობა არც კი არის არსებულ ეტაპზე მათთან წარდგენილი, შესაბამისად ინფორმაცია რომ 10 სართულიანი ობიექტი უნდა აშენდეს რიყის დოქების ადგილზე სიმართლეს არ შეესაბამება.
"გვინდა, გამოვეხმაუროთ რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კომპანია ,,რიყე დომი“ რიყის ტერიტორიაზე 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვას ითხოვს. გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების დეზინფორმირებას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მსგავსი პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტში არ შემოსულა.
თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში შემოსულია განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია თბილისში, რიყის ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცება,"- ნათქვამია მერიის განცხადებაში.
დღესვე საკითხზე კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა, კახა კალაძემ რომლის თქმითაც პროექტზე საზოგადოებისგან დამალულად არავითარი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ხოლო ჯერჯერობით გავრცელებული ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამება.
„თქვენ მხარდამჭერებს ატყუებთ. დამალული არაფერი არ იქნება. გავცემთ მშენებლობის ნებართვას, როდესაც შემოვა კონკრეტული პროექტი, რომელიც ქალაქის ურბანული განვითარების შესაბამისი იქნება. მანამდე ნუ ავრცელებთ ტყუილ ინფორმაციას. ეგ თქვენ გაზარალებთ. ეს არის ტყუილი, რასაც ერთდღიანი პიარკამპანიისთვის იყენებენ, იგონებენ რაღაცებს, სოციალურ ქსელებში ერთმანეთს აგიჟებენ და მერე თვითონვე იფუშებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რიყეზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების გაცემაზე თბილისის მერიამ წარმოება დაიწყო. დოკუმენტის თანახმად, რიყის ტერიტორიაზე, მიწის ნაკვეთზე ინვესტორი ზონის ცვლილებას ითხოვს.
"საპროექტო ტერიტორიაზე არსებული ფუნქციური ზონირების მიხედვით ვრცელდება სარეკრეაციო ზონა 2 და მცირე ნაწილზე - სატრანსპორტო ზონა 1. წარმოდგენილი გრგ-ს დავალების მიხედვით, გვსურს ტერიტორიაზე სრულად გავრცელდეს საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2", - წერია დოკუმენტში.


თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდის თანახმად, მიღებულია გადაწყვეტილება თბილისში რიყის პარკში მდებარე 14,591 კვადრატულ მეტრზე განთავსებული რიყის დოქების დემონტაჟის თაობაზე. ობიექტი ამჟამად შპს "რიყე დომ"-ის საკუთრებაშია.
2025 წლის ივნისში "რიყე დომის" მესაკუთრე გახდა შპს "მაქრო ფროფერთი", რომელიც "მაქრო ჰოლდინგის" ერთ-ერთი კომპანიის "მაქრო ქონსთრაქშენის" საკუთრებაშია. ჯგუფის მფლობელია თურქი ბიზნესმენი ემინ უჩარი. გარიგებამდე, "რიყე დომის" მფლობელი იყო კომპანია ნ.გ.ბ, რომლის 100%-იანი წილიც ბიზნესმენ თორნიკე კოპალიანს ეკუთვნოდა. თავის მხრივ, მაქრო ჯგუფი საქართველოში უძრავი ქონების ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც მოიცავს როგორც მაღალი კლასის სასტუმროს - Swissotel Tbilisi-ს, ასევე პროექტ მაქრო სითის და სამშენებლო კომპანია მაქრო ქონსთრაქშენს.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 6 მაისის განკარგულების თანახმად, რიყის დოქების ტერიტორიაზე სასტუმროს პროექტის განვითარება არის შესაძლებელი.
























