მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის 2027 წლის ბიუჯეტი ₾46.4 მილიონით 2 239 769 000 ლარამდე იზრდება - მერმა პირველადი ვერსია წარადგინა

თბილისი

დედაქალაქის საკრებულოს განსახილველად წარედგინა თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის მოცულობა 2 239 769 000 ლარს შეადგენს.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ წინა წლების მსგავსად, მომავალ წელსაც ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური-ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებისკენ იქნება მიმართული.

„ჩვენ დედაქალაქის საკრებულოს განსახილველად უკვე წარვუდგინეთ თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის მოცულობა შეადგენს 2 239 769 000 ლარს, რაც 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, გაზრდილია 46,4 მლნ ლარით. მინდა, დავაზუსტო, რათა შემდგომში სპეკულაციები არ მოჰყვეს ამ საკითხს - ეს არის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი. უშუალოდ ვიცე-მერი მუშაობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ასევე ვთანამშრომლობთ ფინანსთა სამინისტროსთან და ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი დაზუსტდება. ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილია 623,3 მლნ ლარის გამოყოფა, რაც 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 50,4 მლნ ლარით მეტია. ეს, რა თქმა უნდა, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ინფრასტრუქტურული მიმართულებით. ვიცით, რომ ქალაქში გვაქვს გამოწვევები - ბევრი ქუჩა, გამზირი საჭიროებს განახლებას, საჭიროებს რეაბილიტაციას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებას, მერის ინფორმაციით, გათვალისწინებულია 677,7 მლნ ლარი, რაც 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 76 მლნ ლარით მეტია.

„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა წინ მიდის, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რჩებიან ოჯახები, რომელთაც სჭირდება ჩვენი თანადგომა. ვიდრე არსებობს საჭიროება, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ აღნიშნული პროგრამების დაფინანსებას, თუმცა მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ისე განვითარდეს ქვეყანა, ეკონომიკა წინ წავიდეს, რომ რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად დაუცველი ოჯახი გვყავდეს. კეთილდღეობა უნდა იგრძნოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.

„საკრებულოს წევრები აქტიურად დაიწყებენ დოკუმენტის განხილვას. ცხადია, იქნება შენიშვნებიც, იქნება კითხვებიც პროექტებთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ, ერთად გავიაროთ ყველა საკითხი, განვსაზღვროთ პრიორიტეტები. დარწმუნებული ვარ, რომ ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობით გვექნება შესაძლებლობა, რომ საბოლოო ბიუჯეტი იყოს გაცილებით მეტი, ვიდრე 2026 წელს. მადლობა კიდევ ერთხელ ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს თანამშრომლობისთვის, მხარდაჭერისთვის. გაზრდილი ბიუჯეტი მოგვცემს შესაძლებლობას, თბილისში სხვადასხვა მნიშვნელობის პროექტი განვახორციელოთ, რომ ჩვენი ქალაქი ხვალ, ზეგ იყოს კიდევ უფრო მომხიბვლელი, კიდევ უფრო უკეთესი, გამართული ინფრასტრუქტურით და ყველანაირად მოწესრიგებული“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები