26.ნოემბერი .2020 23:30

„პანდემიამ ზოოპარკის დატვირთვა შეამცირა“ - რა გამოწვევები აქვს თბილისის ზოოპარკს

„პანდემიამ ზოოპარკის დატვირთვა შეამცირა“ - რა გამოწვევები აქვს თბილისის ზოოპარკს
views 355
უკან

თბილისის ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის განცხადებით, ვიზიტორთა რაოდენობა პანდემიამ მნიშვნელოვნად შეამცირა.

როგორც გურიელიძე BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, ვიზიტორთა კლების პირდაპირპროპორციულად შემცირდა ზოოპარკის შემოსავლებიც.

ზურაბ გურიელიძის ინფორმაციით, თბილისის ზოოპარკი ბიუჯეტიდან ფინანსდება და წელიწადში მათთვის გამოყოფილი 3 მლნ ლარი სრულად ცხოველთა მოვლა-პატრონობას და თანამშრომელთა ხელფასებს ხმარდება.

„ზოოპარკს წლების განმავლობაში ძალიან ბევრი პრობლემა სდევს ხოლმე თან. ხან წყალდიდობა, ხან ეპიდემია, კრიზისულ სიტუაციებში მუშაობის გამოცდილება გვაქვს.

ვიზიტორების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, განახევრებულია და შეიძლება უფრო ნაკლებიც არის. ტურისტები, რომლებიც ჩვენი ვიზიტორების ძირითად ნაწილს წარმოადგენდა, საერთოდ არ გვყავს. შემოსავლები კლება დატვირთვის კლების პირდაპირპროპორციულია, თუ წინა წლებში ვიზიტორების რაოდენობა 500-600 ათასი იყო, დღეს 200 000-მდეა, მიუხედავად ამისა ესეც კარგი რიცხვია და თბილისის ზოოპარკი ნორმალურად ფუნქციონირებს. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ინგლისში ზოოპარკები საერთოდ დახურეს.

ჩვენ რაიმე პრობლემა - ცხოველების საკვებზე, მედიკამენტებსა და თანამშრომელთა ხელფასებზე არ გვქონია. ვერ ვიტყვი ცუდად მიდის საქმე, თუმცა, პანდემია რომ არ ყოფილიყო გაცილებით მეტს შევძლებდით, შემოსავალიც მეტი იქნებოდა“, - ამბობს ზოოპარკის ხელმძღვანელი.

მისი თქმით, დღეს ზოოპარკში 150 ადამიანია დასაქმებული, რაც ძველი და ახალი (თბილისის ზღვაზე) ზოოპარკში მცხოვრები ბინადრებისთვის არასაკმარისი რაოდენობაა.

„პანდემიის მიუხედავად, ცხოველებს ისეთივე მოვლა სჭირდებათ, როგორც მანამდე. შემოსავლები კი შემცირებულია, მაგრამ თანამშრომელთა ეს რაოდენობა ორ ტერიტორიაზე საკმარისი არ არის, არც მათი სამუშაო შემცირებულა“, - აღნიშნა გურიელიძემ.

აღსანიშნავია, რომ პანდემიამდე ზოოპარკში შესვლის ბილეთის ღირებულება უფროსებისთვის 4 ლარამდე გაიზარდა, რაზეც ზოოპარკის დირექტორი აცხადებს, რომ საქართველოში დღესაც ზოოპარკში ვიზიტს სიმბოლური ფასი აქვს.

„მსოფლიოში ყველა ზოოპარკში შესვლის ფასი გაცილებით დიდია, ახლაც სიმბოლური ფასი გვაქვს. სალაროდან შემოსული თანხა, ეს არის ჩვენი შემოსავლების უმნიშვნელოვანესი ნაწილი. 4 ტიპის ბილეთებიდან ფასი მხოლოდ უფროსების შემოსასვლელ ბილეთებზე გავზარდეთ, დანარჩენი ბილეთების ღირებულება - მოსწავლეებისთვის და ტერარიუმში შესვლისთვის კი იგივე დარჩა“, - უთხრა BM.GE-ის ზოოპარკის დირექტორმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა