მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიის მიუხედავად, აზარტული თამაშების ბრუნვამ 32 მილიარდ ლარს მიაღწია

615d7a47af53b
შოთა ტყეშელაშვილი
06.10.21 14:30
2933
საქსტატმა აზარტული თამაშების 2020 წლის ბრუნვის შესახებ სტატისტიკა გამოაქეყვნა. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს უმძიმესი პანდემიური ვითარების მიუხედავად სექტორის ბრუნვა 24%-ით გაიზარდა და რეკორდულ 32 მილიარდ ლარს მიაღწია. სავარაუდოდ, ზრდა მხოლოდ და მხოლოდ ონლაინკაზინოებისა და ონლაინტოტალიზატორების მიმართულებით იქნებოდა, რადგანაც პანდემიური შეზღუდვების გამო, ფიზიკურ სამორინეებს საქმიანობა შეზღუდული ჰქონდათ.

საქსტატის განმარტებით, აზარტული თამაშების ბრუნვა ყოველი მომხმარებლის მიერ თითოეულ თამაშზე დადებული ყველა ფსონის ჯამია. შესაბამისად, გასულ წელს ქართულმა მიმწოდებლებმა 32 მილიარდი ლარის ფსონები მიიღეს. რაც შეეხება აზარტული თამაშების მიერ შექმნილ დამატებით ღირებულებას, ის 2020 წელს 861 მილიონი ლარი იყო. შექმნილი დამატებული ღირებულება წინა წელთან შედარებით 40 მილიონი ლარით არის შემცირებული, რაც, სავარაუდოდ, ფიზიკურ სამორინეებში საქმიანობის შეზღუდვით იყო განპირობებული.

ფიზიკური კაზინოების საქმიანობის აკრძალვის გამო, 2020 წელს სექტორში დასაქმების მაჩვენებელი შემცირდა. კერძოდ - 2019 წელს აზარტული თამაშები 10,816 ადამიანს ასაქმებდნენ, 2020 წელს კი დასაქმებულთა რაოდენობა 9,864-მდე შემცირდა. ასევე იკლო საშუალო ხელფასმაც. 2019 წელს სექტორში საშუალო ხელფასები 467 ლარით შემცირდა და 1,599 ლარი შეადგინა.

წარმოდგენილი სტატისტიკა არ შეიცავს ინფორმაციას იმის თაობაზე თუ როგორ ნაწილდება სექტორის ბრუნვა ონლაინ-კაზინოების; ონლაინტოტალიზატორების; ფიზიკური კაზინოების; ფიზიკური სლოტ კლუბების და ფიზიკური ტოტალიზატორების მიხედვით.

ასევე სტატისტიკა არ შეიცავს ინფორმაციას თუ რა თანხა გასცეს აზარტული თამაშებით დაკავებულმა კომპანიებმა 2020 წელს მოგების (პრიზების) სახით.