2023 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 64.3 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 11.4 მლრდ ლარით მეტია 2022 წელთან შედარებით.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ბრუნვაში ასახავს აზარტული თამაშების საქმიანობით დაკავებული საწარმოთა ბრუნვის მოცულობას, რომელიც განისაზღვრება ყოველ ჯერზე დადებული ფსონების ჯამით.
გასულ წელს სექტორში 80 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა ძირითად აქტივებში. საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს აზარტულ ბიზნესში 12 223 ადამიანი იყო დასაქმებული, საშუალო ხელფასი კი 3 228 ლარს შეადგენდა.
ბოლო 5 წლის მაჩვენებლები ასეთია:
- 2019 - 25.9 მლრდ ლარი;
- 2020 - 32.1 მლრდ ლარი;
- 2021 - 48.08 მლრდ ლარი;
- 2022 - 52.2 მლრდ ლარი;
- 2023 - 64.3 მლრდ ლარი.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის ბოლოს საქართველოს მთავრობამ აზარტული თამაშების სექტორის დაბეგვრის განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მეშვიდე თვეა ძალაშია. თუკი აქამდე სექტორის მოგების გადასახადის განაკვეთი 10%-ს შეადგენდა, ის 15%-მდე გაიზარდა, მოქალაქეთა მიერ მოგებული თანხის გატანა კი 2%-იანი საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად 5%-ით დაიბეგრა. ამით მთავრობა ბიუჯეტში დამატებით 400 მილიონი ლარის მობილიზებას ელის.