საქსტატმა საქართველოს კერძო სექტორის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს კერძო სექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.5%-ით გაიზარდა და მან 55.9 მილიარდი ლარი შეადგინა.
სექტორებს შორის ბრუნვით #1 ადგილზე აზარტული თამაშების სექტორია, სადაც 20.1 მილიარდი ლარის ბრუნვა დაფიქსირდა, რის შედეგადაც მან ვაჭრობის სფეროს გადაუსწრო. ამ სექტორში ბრუნვის მატება 22%-ს შეადგენს. საქსტატის მეთოდოლოგიით, აზარტული თამაშები გაერთიანებულია ხელოვნება-გართობის სექტორში, თუმცა ამ სექტორის ბრუნვის უდიდესი ნაწილი სწორედ მასზე მოდის. რაც შეეხება ამ სექტორის ბრუნვას, მეთოდოლოგიის მიხედვით, აზარტული თამაშების ბრუნვად ითვლება მიღებული ფსონების ღირებულება. შესაბამისად, ეს ნიშნავს რომ ქართულ კაზინოებში, ონლაინ კაზინოებსა და ტოტალიზატორებში 2025 წლის პირველ კვარტალში სულ 20 მილიარდი ლარის ფსონები შევიდა.
რაც შეეხება რიგით მეორე სექტორს - საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორში ბრუნვა 18.3 მილიარდი ლარი იყო, სადაც წლიური ზრდა 7%-ს შეადგენდა. 4 მილიარდი ლარი იყო დამმუშავებელი მრეწველობის ბრუნვა, სადაც 4%-იანი კლებაა, მშენებლობის სექტორის ბრუნვა 2.8 მილიარდ ლარს შეადგენდა, ზრდა კი 5%-ია. შემდეგ ადგილს იკავებს IT, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი. აქ შედის როგორც ტელევიზიები, ასევე სატელეკომუნიკაციო კომპანიები და IT სერვისების მიმწოდებელი კომპანიები. ამ სექტორში ბრუნვამ 2.65 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 96%-ით არის გაზრდილი. მატება ძირითადად IT სერვისების სეგმენტზე მოდის. ლოგისტიკის სექტორში ბრუნვა 14%-ით გაიზარდა და 2.4 მილიარდი ლარი შეადგინა, ენერგეტიკაში კი მატება 9%-ია, სექტორის ბრუნვა კი 1.7 მილიარდი ლარი იყო.
2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს კერძო სექტორის ბრუნვის მაჩვენებლები:
| ბრუნვა | 2025 წლის I კვარტალი |
2025 წლის I კვარტლის ზრდის ტემპი 2024 წლის I კვარტალთან შედარებით |
| მთლიანად კერძო სექტორის ბრუნვა | 55,964 მილიონი ლარი | 14.5% |
| აზარტული თამაშები, ხელოვნება გართობა | 20,085 მილიონი ლარი | 22% |
| საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი | 18,290 მილიონი ლარი | 7% |
| დამმუშავებელი მრეწველობა | 3,997 მილიონი ლარი | -4% |
| მშენებლობა | 2,775 მილიონი ლარი | 5% |
| ინფორმაცია და კომუნიკაცია | 2,648 მილიონი ლარი | 96% |
| ტრანსპორტი და დასაწყობება | 2,448 მილიონი ლარი | 14% |
| ენერგეტიკა | 1,722 მილიონი ლარი | 9% |
| პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები | 615 მილიონი ლარი | 12% |
| უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები | 602 მილიონი ლარი | 13% |
| ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები | 529 მილიონი ლარი | 29% |
| საკვებით და სასმელებით მომსახურება | 501 მილიონი ლარი | 16% |
| ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები | 425 მილიონი ლარი | 26% |
| სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება | 379 მილიონი ლარი | 23% |
| განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფა | 296 მილიონი ლარი | 20% |
| განათლება | 260 მილიონი ლარი | 24% |
| სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა | 205 მილიონი ლარი | 1% |
| წყალმომარაგება; კანალიზაცია ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები | 130 მილიონი ლარი | 8% |
| სხვა სახის მომსახურება | 55 მილიონი ლარი | 8% |




























