მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწვავი, ენერგომატარებლები და ხელფასები: რა აძვირებს მშენებლობას საქართველოში?

მშენებლობა

2026 წლის სექტემბერში საქართველოში მშენებლობის თვითღირებულება წლიურად 6%-ით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 2.3%-ით გაიზარდა. საქსტატის პუბლიკაციაში კი აღნიშნულია, რომ მშენებლობის ინდექსის მატების მთავარი მამოძრავებელი ენერგორესურსების/საწვავის ფასი და მუშახელის ანაზღაურებაა, მაშინ როცა სამშენებლო მასალებზე ფასები შედარებით სტაბილურობას ინარჩუნებს.

როგორ შეიცვალა მშენებლობის ხარჯების ძირითადი კომპონენტები?

სექტორისთვის ყველაზე მკვეთრად გაძვირებული კომპონენტი ლოგისტიკა და ენერგომატარებლებია:

წინა წლის სექტემბერთან შედარებით ამ კატეგორიის ხარჯები 25.9%-ით გაიზარდა, რამაც ჯამურ 6%-იან წლიურ ზრდაში ყველაზე დიდი წილი – 2.99 პროცენტული პუნქტი შეიტანა.

თვიურ ჭრილშიც (აგვისტოსთან შედარებით) აღნიშნული ხარჯები 4.8%-ით არის გაზრდილი, წვლილი კი 0.63 პ.პ.-ია.

ინდექსის განმსაზღვრელი კიდევ ერთი მთავარი კომპონენტი სამშენებლო სფეროში ხელფასების ზრდაა. საქსტატის თანახმად, აგვისტოს შემდეგ მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 7.3%-ით გაიზარდა, რამაც თვიურ ინდექსში ყველაზე დიდი კონტრიბუცია – 1.45 პროცენტული პუნქტი შეიტანა.

წლიურ ჭრილში ხელფასების ზრდამ 5.4% შეადგინა (წვლილი წლიურ ინდექსში – 1.75 პ.პ.).

სამშენებლო ტექნიკის მომსახურებისა და იჯარის ხარჯები გასულ წელთან შედარებით 5.0%-ით გაიზარდა (თვიური მატება – 0.2%). ამ კომპონენტის წვლილი წლიურ ზრდაში 0.28 პროცენტული პუნქტი იყო.

სხვა კომპონენტებთან შედარებით, მინიმალურად შეიცვალა ძირითადი სამშენებლო მასალების ფასები:

  • წინა თვესთან შედარებით ფასები მხოლოდ 0.3%-ით გაიზარდა;
  • წინა წლის სექტემბერთან შედარებით ზრდამ 1.0% შეადგინა.

ადმინისტრაციული და სხვა თანამდევი საოპერაციო ხარჯები წლიურად 5.6%-ით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 0.4%-ით არის გაზრდილი.

ინდექსის პირველი გამოქვეყნებიდან, ანუ 2022 წლის თებერვლიდან 2026 წლის სექტემბრამდე, მშენებლობის ჯამური ღირებულების ინდექსი 32.2%-ით არის გაზრდილი.

თუ 2024 წლის დასაწყისში ხარჯების ზრდა 2022 წლის თებერვალთან შედარებით 12.2%-დან 15.1%-მდე დიაპაზონში ფიქსირდებოდა, 2025 წლის ბოლოსთვის მან უკვე 29.2%-ს მიაღწია, 2026 წლის სექტემბერში კი პიკურ 32.2%-იან ნიშნულს გაუთანაბრდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები