მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიის პერიოდში კომერციული ბანკების საკრედიტო დანაკარგი 1.2 მლრდ ლარია - გვენეტაძე

5f2a77d0b5dae
ვიქტორია მღებრიშვილი
05.08.20 13:20
987
პანდემიის პერიოდში კომერციულმა ბანკებმა 1.2 მლრდ ლარით იზარალეს - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ბანკების მიერ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სესხების პროცენტის გადავადების მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ კორონავირუსმა მათზეც დიდი გავლენა იქონია.

„ის, რომ ისინი (კომერციული ბანკები) ფუნქციონირებას აგრძელებენ, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ COVID-19-ს მათზე გავლენა არ მოუხდენია. გავლენა არის საკმაოდ დიდი, საკრედიტო დანაკარგი, რაც უკვე ასახეს ბალანსებში კომერციულმა ბანკებმა 1.2 მლრდ ლარია. ეს თანხა უკვე ასახულია მათ საბალანსო უწყისებში და სხვა თანაბარ პირობებში მატერიალურ გაუარესებას არ უნდა ველოდეთ“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

სებ-ის პრეზიდენტი, კომერციული ბანკების მიერ შეღავათების დაწესებაზე საუბრისას, იმ ექსპერტების მოსაზრებებს გამოეხმაურა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ბანკებმა თავისი დანაპირები ჯეროვნად არ შეასრულეს.

„პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს მათი ინიციატივა იყო, რომ შეღავათიანი პერიოდი გაეწიათ. მეორე ეტაპთან არის ეს დაკავშირებული, რომელთან დაკავშირებითაც გაკეთდა საკმაოდ ცხადი განცხადებები საბანკო ასოციაციის მიერაც, რომ ვინც დახმარების პროგრამაში მოხვდებოდა, ის ავტომატურად მიიღებდა გადავადებას, სხვა შემთხვევაში კი იქნებოდა მიღებული გადაწყვეტილება უშუალოდ კლიენტის სიტუაციის მიხედვით და იმ შემოსავლებიდან გამომდინარე და იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რაც ამ კლიენტს ჰქონდა.

ეს ფინანსური სექტორის მიერ გადადგმული საკმაოდ გაბედული ნაბიჯი იყო და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფინანსურ სექტორს გაკვეული ვალდებულებებიც აქვთ - მათ უნდა გადაიხადონ საპროცენტო განაკვეთები და აბსოლუტურად შეუძლებელი იყო ე.წ. პროცენტების პატიება. მაგრამ ის, რაც მეორე ეტაპზე ხდება, ეს არის მომხმარებლის სიტუაციიდან გამომდინარე მათზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღება“, - განმარტა სებ-ის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რომ არა საკმარისი ფინანსური ბუფერები, ბანკები ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ.

„ამ შეღავათების დაწესება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ ჰქონოდა სისტემას კაპიტალის ბუფერები, რომელიც დროთა განმავლობაში დაგროვდა და რომელთა გამოყენების უფლება ახლა მივეცით სისტემას. გასულ წლებში პრუდენციული მოთხოვნების შემოღებისას ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავდით, რომ ამის ძირითად მიზეზს სწორედ ეკონომიკური შოკების ფინანსური სექტორის მდგრადობა წარმოადგენდა.

არსებული სიმძიმის მიუხედავად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც საბანკო, ისე არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტები ამ გამოწვევას მომზადებული შეხვდნენ და იმისთვის, რომ ჩვენ კონფორტი შეგვექმნა მათთვის და დაკრედიტების პროცესი არ შეჩერებულიყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის, ჩვენ ავამოქმედეთ ლიკვიდობის მიწოდების ახალი ინსტრუმენტები და დიდი მოქნილობა გამოვიჩინეთ კაპიტალის მოთხოვნებთან დაკავშირებით. ზუსტად ეს აძლევს მათ საშუალებას, რომ ამ სიტუაციაშიც გააგრძელონ დაკრედიტება“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.