საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2023 წლის 4 თვის ფინანსური ანგარიშები ეროვნულ ბანკს უკვე წარუდგინეს. ფინანსური მონაცემების მიხედვით, სექტორმა პერიოდის განმავლობაში მომხმარებლებისგან 2.65 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 22%-ით მეტია. უფრო მაღალი ტემპით - 47%-ით გაიზარდა ბანკების მოგება, რამაც იანვარ-აპრილში 768 მილიონი ლარი შეადგინა.
ბანკების საოპერაციო შემოსავლები ასე ნაწილდება:
● საპროცენტო შემოსავლები - 2.1 მილიარდი ლარი (ზრდა წინა წელთან 21%), მათ შორის ფიზიკური პირებიდან 1.06 მილიარდი ლარი, ზრდა 15%. იურიდიული პირებიდან 710 მილიონი ლარი, ზრდა 18%. ფასიანი ქაღალდებიდან 240 მილიონი ლარი, ზრდა 35%. ● საკომისიოები - 193 მილიონი ლარი, მატება 18%; ● ჯარიმები და საურავები - 28 მილიონი ლარი, მატება 4%; ● ვალუტის გაცვლის ოპერაციებიდან მიღებული წმინდა მოგება 193 მილიონი ლარი, მატება 20%.
რაც შეეხება კომერციული ბანკების ხარჯებს, მისი შემადგენლობა ასეთია:
● მომხმარებლების დეპოზიტებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი - 629 მილიონი ლარი, ზრდა 37%; ● ბანკების მიერ სესხად აღებულ თანხებზე გადახდილი საპროცენტო განაკვეთი - 300 მილიონი ლარი, ზრდა 4%; ● ბანკის აპარატის შენახვის, მათ შორის თანამშრომელთა ხელფასების მოცულობა - 362 მილიონი ლარი, ზრდა 25%; ● ფიქსირებული აქტივების მართვის საფასური, ასევე ინვენტარის შენახვაში გადახდილი სახსრები - 98 მილიონი ლარი, ზრდა 13%. ● ზარალი აქტივების შესაძლო დანაკარგების მიხედვით - 137 მილიონი ლარი, ზრდა 31%; ● მოგების გადასახადი - 131 მილიონი ლარი, მატება 26%.
წმინდა მოგება - 768 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 47% (245 მილიონი ლარი).