მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა გიორგი ფანგანი სემეკ-ის წევრად მეორე ვადით აირჩია

6181297ed90de
ინგა მურუსიძე
02.11.21 16:09
645
პარლამენტმა გიორგი ფანგანი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად მეორე ვადით აირჩია. ფანგანს სემეკ-ის წევრობის ვადა ოქტომბრის ბოლოს გაუვიდა.

აღსანიშნია, რომ გიორგი ფანგანმა სემეკ-ის წევრობის შესარჩევ კონკურსში გაიმარჯვა, მოგვიანებით კი პროცედურის მიხედვით, მისი კანდიდატურა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნა. საკომიტეტო და სხვა განხილვების შემდეგ, დღეს პარლამენტმა ფანგანს კენჭი უყარა და 80 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ, სემეკ-ის წევრად მეორე ვადით დაამტკიცა.

სემეკ-ის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი ფანგანი პროფესიით იურისტია. მას აქვს სემეკში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, ხოლო ენერგეტიკის სექტორში საქმიანობს 2005 წლიდან. წლების განმავლობაში სემეკში გიორგი ფანგანს სხვადასხვა პოზიცია ეკავა, ხოლო 2015 წელს საქართველოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით სემეკის წევრად, პირველი ვადით აირჩია.

გიორგი ფანგანი მონაწილეობდა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე სხვადასხვა ნორმატიული აქტის შექმნაში, ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმირებაში. მისი ინიციატივით შემუშავდა პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებლის უფლებების დაცვასა და კომპანიების მხრიდან მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

გიორგი ფანგანი ორი წლის განმავლობაში იყო ენერგეტიკული თანამეგობრობის მარეგულირებელი საბჭოს (ECRB) პრეზიდენტი, ასევე ხელმძღვანელობდა სემეკში განხორციელებულ არაერთ საერთაშორისო პროექტს, ხოლო ამჟამად არის ევროკავშირის დაფინანსებით სემეკში მიმდინარე მეოთხე დაძმობილების პროექტის ლიდერი საქართველოს მხრიდან.