15.ნოემბერი .2020 22:51

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პოლიტიკა და მისი შედეგები

views 1248
უკან

ორი წელი გადის, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული რეგულაციების შედეგად, ქვეყნის საკრედიტო ბაზარზე თამაშის წესები შეიცვალა. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის შედეგად, ყველას - როგორც კერძო ბიზნესს, ასევე ფიზიკურ პირებს 200,000 ლარამდე სესხის უცხოურ ვალუტაში აღება აეკრძალათ. მკვეთრად შეიზღუდა სესხების შემოსავლის დადასტურების გარეშე გაცემა, რის შედეგადაც იმ მოქალაქეებს, რომელთა შემოსავლებიც არაფორმალურ სექტორში მუშაობით ფორმირდება, საბანკო სესხებზე წვდომა შეუმცირდათ. მათ კი ვინც შემოსავალს რეგულარული ხელფასის მეშვეობით იღებს, სესხის მომსახურების ერთიანი PTI კოეფიციენტები დაუდგინდათ, ამასთან შემოვიდა ჰეჯირებული და არაჰეჯირებული მსესხებლის ცნებები.


ასევე, განისაზღვრა სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი ლარში და უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხებისათვის.



ბანკებისათვის, მიკროსაფინანსოებსა და ონლაინ გამსესხებლებისათვის სესხებზე მაქსიმალური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 %-ით განისაზღვრა.

ცვლილებების მიზეზები

როგორც ყველა სხვა მნიშვნელოვან ცვლილებას, პასუხისმგებლიან დაკრედიტების ჩარჩოს შემოღებასაც გამოუჩნდნენ მომხრეები და მოწინააღმდეგეები, ცვლილების მომხრეები და მათ შორის ეროვნული ბანკიც ცვლილებების საჭიროებებს შემდეგი მიზეზებით ხსნიდა:

საბანკო სექტორის ზრდის შედეგად, 2012-2018 წლებში ფიზიკური პირების სესხების მშპ-სთან მიმართება 15%-დან 40%-მდე გაიზარდა. სებ-ის შეფასებით, დაკრედიტების ზრდის ასეთი მაღალი ტემპი, რაც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას გაცილებით აჭარბებდა, მომავალში ჭარბვალიანობის პრობლემის წარმოშობის რისკებს აჩენდა.

საკრედიტო ზრდა 2015-2017 წლის განმავლობაში წლიურად 20%-ზე მაღლა ნარჩუნდებოდა. ასევე მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტორიც რომ 2019 წლის იანვრის მდგომარეობით ფიზიკური პირების დაკრედიტებაში მაღალი იყო სამომხმარებლო სესხების წილი, რომელიც ეროვნული ბანკის შეფასებით, სხვა სასეხსო პროდუქტებთან შედარებით, ეკონომიკურ ზრდაში დიდ წვლილს არ ასრულებდა. პირიქით, სებ-ის შეფასებით, ხშირად სამომხმარებლო სესხები იმპორტზე ზრდიდა მოთხოვნას. ამიტომაც ეროვნული ბანკი აცხადებდა, რომ უმჯობესი იქნებოდა თუკი ბანკები უფრო მეტ რესურსს ფიზიკური პირებიდან, ბიზნესის დაკრედიტებაზე გადაამისამართებდნენ.

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა ეროვნული ბანკის მიერ უფრო ადრე დაწყებულ დედოლარიზაციის პროგრამასთანაც იყო თანხვედრაში, 2017 წლიდან სამოქალაქო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ფიზიკური პირებისათვის 100,000 ლარამდე სესხის აღება მხოლოდ ლარით იყო შესაძლებელი, 2019 წლის 23 იანვრიდან სებ-მა ზღვარი 200,000 ლარამდე გაზარდა, შეზღუდვა კი გარდა ფიზიკური პირებისა, იურიდიულ პირებზეც გავრცელდა, რის საფუძვლადაც მიუთითებდა, რომ უფრო მსხვილ მსესხებლებს სავალუტო რისკებისგან დაცვის უკეთესი მექანიზმები ჰქონდათ, შესაბამისად, გაცვლითი კურსის მერყეობისგან უფრო დაცულებიც ისინი იყვნენ აღნიშნული პერიოდისათვის სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი 58.4%-ს შეადგენდა.

ახალი რეგულაციების მოწინააღმდეგენი კი ჭარბვალიანობის ზრდის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმად ეკონომიკის, დასაქმების და ფინანსური განათლების ზრდას ასახელებდნენ. ამასთანავე, ისინი მიუთითებდნენ, რომ ცვლილებები გააუარესებდა არაფორმალურ სექტორში დასაქმებულების შესაძლებლობას ესარგებლათ საბანკო სერვისებით. შესაბამისად ჩნდებოდა რისკი, რომ ფიზიკური პირების ეს ნაწილი კრედიტის ასაღებად ლომბარდებსა და კერძო მევახშეებთან გადაინაცვლებდნენ.

საერთაშორისო გამოცდილება

ეკონომიკის ჭარბვალიანობის პრობლემა ფინანსური სისტემის მდგრადობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფინანსური რისკია. ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) შეფასებით , ჭარბვალიანობა მართლაც ბოლო 30 წელიწადში არსებული, 50 სისტემური საბანკო კრიზისიდან, 27-ის მთავარ გამომწვევ მიზეზად სახელდება. ვალის მოცულობის ზრდა აღნიშნულ შემთხვევებშიც შინამეურნეობებში ხდებოდა და კრიზისამდე 10 წელიწადში საშუალოდ 40 პროცენტული პუნქტით იზრდებოდა, რაც ძირითად შემთხვევაში შერბილებული საკრედიტო პოლიტიკით იყო გამოწვეული, ჭარბი დაკრედიტებით გამოწვეული კრიზისების ხანგრძლივობა კი 4 წლამდე გრძელდებოდა.

ცვლილებების შედეგები საბანკო სექტორში:

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის ამოქმედებას ბანკების ფინანსურ მაჩვენებლებზე თვალსაჩინო ეფექტი ჰქონდა. ამის უკეთ დასანახად ცალკეული სეგმენტების მიხედვით პორტფელის ზომებისა და ზრდის ტემპების დაკვირვებაც კმარა:
2018 წლის 31 დეკემბრისათვის ქართული ბანკების სასესხო პორტფელმა 26.6 მილიარდ ლარს მიაღწია. დაკრედიტების ზრდა 17.7%-ზე იყო.

2018 წელს საკრედიტო პორტფელის კომპოზიცია სეგმენტების მიხედვით:

• საცალო სეგმენტი - ზრდა 18.6% , საკრედიტო პორტფელში მისი ჯამური მოცულობა 11.8 მილიარდი ლარი.
• მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტი -ზრდა 18.8%, საკრედიტო პორტფელში მისი მოცულობა 6.5 მილიარდი ლარი.
• კორპორატიული სეგმენტი - ზრდა 17.9% , საკრედიტო პორტფელში მისი მოცულობა 8.3 მილიარდი ლარი.
მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების ტემპი უმნიშვნელოდ, თუმცა 2018 წლის მონაცემებითაც უსწრებდა საცალო სეგმენტის დაკრედიტების ტემპს, წინა წლებთან შედარებით კი ბიზნეს მიმართულების ზრდის ტრენდი კიდევ უფრო თვალშისაცემი იყო.

2019 წლისთვის კი მართალია ბანკების მთლიანი საკრედიტო პორტფელი 32 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, მაგრამ საცალო სეგმენტში დაკრედიტების ზრდა რამდენჯერმე შემცირდა. შესაბამისად, სექტორის მაჩვენებლები შემდეგი იყო:

• საცალო სეგმენტი - ზრდა 5.4 %, საკრედიტო პორტფელში მისი ჯამური მოცულობა 12.5 მილიარდი ლარი.
• მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტი - ზრდა 24.6%, საკრედიტო პორტფელში მისი ჯამური მოცულობა 7.8 მილიარდი ლარი.
• კორპორატიული სეგმენტი - ზრდა 26.1 %, საკრედიტო პორტფელში მისი ჯამური მოცულობა 11.65 მილიარდი ლარი.

ბანკების მიერ გაციფრულდა ან გაუქმდა პროდუქტები რომლებიც შემოსავლის შესწავლის გარეშე დაკრედიტების საშუალებას იძლეოდა, შედეგად კი რამოდენიმე ასეული ადამიანი უმუშევარი დარჩა. მათგან აბსოლუტური უმრავლესობა საცალო დაკრედიტების მიმართულებით მომუშავე პერსონალზე მოდიოდა. მნიშვნელოვნად შემცირდა განვადების მიმართულებით მომუშავეთა რაოდენობაც, ამ პოზიციის ფუნქციები შესაბამისი გადამზადების შემდეგ სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებმა შეითავსეს.

მთლიანად სექტორში შემცირდა, რამდენიმე ბანკში კი საერთოდ გაუქმდა დისტანციური გაყიდვების მიმართულებით მომუშავე დეპარტამენტები, ეს ადამიანები მომხმარებელს სატელეფონო საშუალებით აცნობდნენ წინასწარ დამტკიცებულ საკრედიტო ლიმიტებს და პროდუქტებით სარგებლობის პირობებს.

საქსტატის მონაცემებით 2018 წლის ბოლო კვარტლიდან 2019 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით ფინანსურ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის 4000 ადამიანით შემცირდა, მსგავსი დინამიკა ამ სფეროში აქამდე არ შეიმჩნეოდა, შესაბამისად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შემცირებულთა შორის დიდი ნაწილი სწორედ რეგულაციათა გამო უმუშევრად დარჩენილი ადამიანები იყვნენ. ცვლილებებმა დასაქმებაზე ეფექტი შემდეგ პერიოდშიც მოახდინა.

რეგულაციათა მიღებამ მნიშვნელოვნად შეამცირა საცალო პროდუქტების ზრდის ტემპი. საკრედიტო პროდუქტების უმრავლესობის შემთხვევაში წლიურად კლება დაფიქსირდა, ასეთებია: მომენტალური განვადება, საკრედიტო ბარათები და ოვერდრაფტები, ხოლო სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შემცირდა. აღნიშნული შედეგი სწორედ ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულებას“ მოჰყვა.

ცვლილებებმა დიდი გავლენა მოახდინა, ჩვენთვის კარგად ცნობილი საბანკო პროდუქტის - განვადების მომთხოვნთა და ბანკის მხრიდან დაკმაყოფილებულთა რაოდენობაზეც, 2019 წლის დეკემბრის მონაცემით 41.4 %-ით შემცირდა ამ პროდუქტზე მოთხოვნის მოცულობა, რაც არსებულ პროდუქტებს შორის ყველაზე დიდი კლების მაჩვენებელია, თუ აღნიშნული პროდუქტის ზრდის ტემპებს არ გავითვალისწინებთ და 2018 წლის მაჩვენებელს ავიღებთ, ვნახავთ რომ აღნიშნული რეგულაციის შედეგად საცალო გაყიდვების სექტორმა დაკარგა მინიმუმ 136 მლნ.ლარი. ეს აისახა საცალო გაყიდვების ობიექტების შემოსავლიანობის კლებაზეც. რითეილერებს ხარჯების შემცირების მიზნით პერსონალის შემცირება, რიგ შემთხვევებში კი ფილიალების დაკეტვაც მოუწიათ. ცვლილებებთან შეგუებას და ალტერნატივების ძიებას 6-9 თვემდე პერიოდი დასჭირდა, ამ დროში ბიზნესებმა მოახერხეს არსებული გასაყიდი პროდუქციის ასორტიმენტის ჩანაცვლება, რიგ შემთხვევებში კი შიდა განვადების დანერგვა.
შეფასებისათვის გთავაზობთ საცალო პროდუქტთა ზრდის მაჩვენებელს:



ცვლილებებაბმდე 90 და მეტი დღით ვადაგადაცილებული სესხების წილი მთლიანი საკრედიტო პორტფელის 2.7%-ს შეადგენდა რაც შესადარ ქვეყნებს შორის ერთ--ერთი საუკეთესო მაჩვენებელი იყო, დასტურად ისევ სებ-ის წლიურ ანგარიშში გამოქვეყნებული ინფორმაცია შეგვიძლია მოვიტანოთ. საქართველო საკრედიტო პორტფელის სიჯანსაღით უსწრებს შემდეგ ქვეყნებს: უნგრეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, ბელარუსი, რუსეთი, უკრაინა და ა.შ.



ცვლილებების შემდეგ 90 და მეტი დღით ვადაგადაცილებული სესხების მაჩვენებელმა იკლო და მისი წილი მთლიანი საკრედიტო პორტფელის 1.96%-მდე შემცირდა.

2019 წლის განმავლობაში სესხების დოლარიზაცია, გაცვლიით კურსის ეფექტის გამორიცხვით 3.3 პპ-ით შემცირდა და 55.1% პროცენტი შეადგინა.

მიკროსაფინანსო სექტორი

რეგულაციებამდე არსებულ პერიოდში, ბაზრის მომგებიანობიდან გამომდინარე, ხდებოდა მისო-ების რაოდენობის სწრაფი ზრდა, თუმცა რეგულაციების შემდეგ რადიკალურად განსხვავებული შედეგი მივიღეთ. როგორც ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, 2019 წლის იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში 65 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, დღეს კი რეგულაციათა გავლენით მათი რაოდენობა 40-მდეა შემცირებული. მიკროსაფინანსოების ბაზარზე გამსხვილება არ მომხდარა შესაბამისად მოხდა 25 მისო-ს ლიკვიდაცია. მიუხედავად მისო-ების ბაზარზე მომხდარი ცვლილებებისა რეგულაციების გამკაცრებამ პოზიტიური ცვლილებებიც მოიტანა, მოხდა საკრედიტო პორტფელის გაჯანსაღება, 2019 წელს მიკროსაფინანსო სექტორის საკრედიტო პორტფელმა ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა, ზრდის წლიურმა ტემპმა – 3 % მიაღწია, მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა კი 1,13 მლრდ ლარი შეადგინა, რომლის 97 % ფიზიკური პირებისთვის გაცემულ სესხებს შეადგენდა. თანხის უდიდესი ნაწილი სამომხმარებლო სესხები იყო, ⅓ კი სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის დაფინანსებას ხმარდებოდა.

2019 წელს სექტორის ჯამური მოგება 278-ჯერ შემცირდა და მხოლოდ 112 000 ლარი შეადგინა. ზარალის ძირითადი მიზეზი ცალკეულ მიკროსაფინანსოებში არსებული მრავალმილიონიანი დანაკარგები გახდა. სექტორი მოგების უმაღლესი ნიშნულზე 2016 წელს გავიდა როდესაც მომგებიანობა 151.8 მილიონ ლარს შეადგენდა, 2017 წლიდან კი მოგებიანობის ჯამური მაჩვენებელი დაღმავალია. კლების ტენდენცია შეიმჩნევა ჯამურ აქტივებშიც რომლის მოცულობამაც 2019 წლის მეოთხე კვარტალში 1.37 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2018 წელთან შედარებით 5.5%-ით ნაკლებია.
ონლაინ გამსესხებელი კომპანიები ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარის დაწესებამ, შემდეგ კი პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დებულების მიღებამ ფაქტიურად გააქრო ონლაინ გამსესხებელი კომპანიები. ბაზარზე დარჩენილმა კომპანიათა ნაწილმა რეგულაციათა გამო შემოსავლის მიღების გზებისა და კანონში ხვრელების ძებნა დაიწყეს და მიაგნეს კიდეც. შეიქმნა პროდუქტი რომელიც არის ონლაინ სესხი, მსესხებელს კი ლიზინგის მომსახურებით მიეწოდება, არსებული რეგულაციის გათვალისწინებით ყველაფერი იურიდიულად გამართულია, სამართლებრივი დარღვევა არ გვხდება, თუმცა მომხმარებლის ხარჯი 2019 წლის იანვრამდე არსებულ პროდუქტებთან შედარებით მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. მისი გადავადება რამდენჯერმეა შესაძლებელი, შემდეგ ხელშეკრულება ძალას კარგავს და კომპანია იყენებს უაქცეპტო წესით გამოსყიდვის უფლებას, ანუ ითხოვს თანხის სრულად დაფარვას, ან ახორციელებს შეძენილი ნივთის კონფისკაციას რასაც საბოლოო ჯამში მსესხებელზე გაცილებით ნეგატიური ეფექტი აქვს ვიდრე თუნდაც ვადაგადაცილებულ სესხს შეიძლებოდა ქონოდა.

მთავრობას, მისი ეკონომიკურ გუნდის 2018 წლის მაისში ჭარბვალიანობაზე დაწყებული საუბარი იმავე წელს საპრეზიდენტო არჩევნების მოგებაში დაეხმარა, სებ-ს კი 2019 წლის იანვარში მიღებული ცვლილებების გადახედვა 1 წელში მოუხდა და 2020 წლის 17 მარტს მნიშვნელოვნად შეცვალა ფიზიკურ პირთა სესხებზე მომსახურების კოეფიციენტები და 1 წლის წინ მიღებული რეგულაცია შეარბილა.

წარსულში არსებული სესხის მომსახურების კოეფიციენტის ოთხი საშემოსავლო ჯგუფი ორამდე შეამცირა:



გაზარდა ლარში გაცემული იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადიანობა, რომელიც 15 წლის მაგივრად 20 წლით განისაზღვრა.

2020 წლის ცვლილებებს, საქართველოს ეროვნული ბანკი, წესებზე დამყარებული მიდგომიდან, უფრო მეტად პრინციპებზე დაფუძნებულ მიდგომაზე გადასვლით ხსნის, რაც დაკრედიტების მიკრომენეჯმენტში ნაკლებ ჩარევას გულისხმობს, ეს კი ფინანსური ინსტიტუტის რისკების მართვის ფუნქციის როლს გაზრდის და გადახდისუნარიანი მოსახლეობისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას აამაღლებს. სებ-ის ვარაუდით ცვლილებები გაამარტივებს გადახდისუნარიანი მსესხებლებისთვის სესხის აღებას, შეამსუბუქებს ბიუროკრატიულ ტვირთს, გაზრდის მოქნილობას და, შედეგად, დაკრედიტების პროცესს მეტ საოპერაციო ეფექტიანობას შემატებს. ვფიქრობ სებ-ი ამ მსჯელობაში არ ცდება თუმცა განა ყველაფერი ასე არ იყო 2019 წლის 1 იანვრამდე?

ვფიქრობ, 2019 წელს სებ-მა დაკრედიტების გამკაცრების გადაწყვეტილება ნაჩქარევად მიიღო და შედეგების შეფასების, შემდეგ კი გადახედვის ვალდებულებაც გაჩნდა., რადგან რისკის განსაზღვრა, დაკრედიტებაზე გადაწყვეტილების მიღება და გადახდისუნარიანობის ანალიზი სწორედ კომერციული ბანკის საქმეა.

გარდა ეროვნული ბანკისა კომერციული ბანკებიც ფიქრობენ ეკონომიკურ სტაბილურობაზე, რადგან მათი სამომავლო საქმიანობა სწორედ რისკების სწორ ანალიზსა და დაკრედიტების სწორ პოლიტიკაზე დგას, ვინ თუ არა კომერციულმა ბანკებმა კარგად იციან თუ რას ნიშნავს არასწორად დაკრედიტებული კლიენტი, ეს ბანკისთვისაც მნიშვნელოვანი ზარალის მომტანი შეიძლება იყოს, აქ კი ჩნდება ე.წ. უხილავი ხელის პრინციპი და განისაზღვრება პოლიტიკა რომელიც ბანკს და მომხმარებელსაც საუკეთესო საშუალებას სთავაზოვს.

გამოცდილებიდან კი ნათლად ჩანს რომ საქართველოში საბანკო სექტორი წარმატებით ართმევს თავს პორტფელური რისკების ანალიზისა და განსაზღვრის ნაწილს. სწორედ კომერციული ბანკების მიერ შემუშავებული პოლიტიკის შედეგია 2018 წლის ანგარიშში მითითებული მაჩვენებელი, რომელიც 90 და მეტი დღით გადაცილებული სესხების მოცულობის წილს მხოლოდ 2.7%-ს აჩვენებს.

რაც შეეხება მიკროსაფინანსოებს, მათი ისტორია საქართველოში შედარებით მცირეხნიანია, თუმცა მიუხედავად ამისა სექტორმა სწრაფად მოახერხა მომხმარებელთათვის კონკურენტული პროდუქტებისა და პირობების შეთავაზება, აქ წარსული გამოცდილება გვანახებდა რომ დროთა განმავლობაში ხდებოდა პირობების დახვეწა და გაუმჯობესება, რაც გარკვეულ დროში ხელოვნური ჩარევის, მომგებიანობის შემცირების და კომპანიათა ლიკვიდაციის გარეშე მოგვცემდა იგივე შედეგს რა შედეგიც რეგულაციებმა მოკლევადიან პერიოდში დადო.

ონლაინგამსესხებლებისა და ფინტეკების არსებობა კი ქვეყანაში სამომავლო ფინანსური ტექნოლოგიების შექმნის წინაპირობა ხდება ხოლმე, მას მერე რაც ქვეყანაში იზრდება ეკონომიკური დონე, მცირდება მოთხოვნა მაღალპროცენტიან ფულზე. შედეგად მსგავსი ტიპის ბიზნესებისთვის ჩნდება ახალი ინტერესები, სწორედ ამ დროს იბადება ის ფინანსური ტექნოლოგიები, რომლებიც ცვლის არა მხოლოდ სექტორს ან ქვეყანას, არამედ საერთაშორისო დონეზე საოპერაციო საქმიანობას, უსაფრთხოებას და საქმის გაკეთებისათვის საჭირო დროს.

ჭარბვალიანობისა და სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა ცალსახად მნიშვნელოვანია, თუმცა ამის მიღწევა ეკონომიკური და დასაქმების ზრდითაა შესაძლებელი. რეგულაციათა გზით და სებ-ის მიერ განხორციელებული ცვლილებებით ამის მოგვარებამ რეალურად ნეგატიური გავლენა იქონია საცალო გაყიდვების, მიკროსაფინანსოების, ონლაინ გამსესხებლების სექტორზე რაც ჯამურად ეკონომიკაზეც აისახა, რომელიც გამოიხატება საცალო გაყიდვების ქსელების დაკარგულ მინიმუმ 136 მილიონი ლარის პოტენციურ შემოსავალსა და სრულად გამქრალ ონლაინ გამსესხებელ კომპანიებში, რეგულაციათა გავლენით შემცირდა ბაზარზე დოლარის მიწოდების მოცულობაც, აღნიშნულმა კი გამოიწვია გაზრდილი შავი ბაზარი, რომელიც აბსოლუტურად უკონტროლოა და ანგარიშებში მოცემული ლამაზი სტატისტიკის იდენტურად ნამდვილად არ გამოიყურება.

მიუხედავად თავიდანვე დაანონსებული პირობისა, რომ მოხდებოდა რეგულაციათა გადახედვა, მაინც ცხადია რომ მოცემულმა რეგულაციებმა ვერც სებ-ის მოლოდინი გაამართლა. შედეგად ვიხილეთ რეგულაციათა შერბილება, მიუხედავად „ქართუ ფონდის“ მიერ შეძენილი პორტფელისა რეგულაციას პოზიტიური გავლენა არ მოუხდენია არც ვადაგადაცილებული სესხების წილის მოცულობაზე მთლიან ფორტფელში, რადგან შედეგში ჩამოწერილი სესხების მოცულობის გამოკლებით ფაქტიურად იდენტურ მაჩვენებელს ვხედავთ.

სებ-ს ქვეყნის ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია, ამიტომ მის ქმედებებში თავისუფლებასა და კერძო სექტორთან კომუნიკაციას უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება, კომპლექსური მიდგომა და შიშის ფაქტორის გამორიცხვა კერძო სექტორს მეტ თავისუფლებას მისცემს დააფიქსირონ არსებული პრობლემები და გამონახონ გზები, რომლებიც თავშივე შუალედური და მისაღები იქნება, შედეგად კი გამოირიცხება მსგავსი სახის ნეგატიური ცვლილებები.

სები საკუთარი გადაწყვეტილებების ახსნას ხშირ შემთხვევაში საუკეთესო უცხოური პრაქტიკებით ცდილობს, თუმცა ფაქტია გარდა პრაქტიკის გაზიარებისა მნიშვნელოვანია სხვა გარემო პირობების დადარება, რამდენად იდენტურია ის საქართველოში და იმ კონკრეტულ ქვეყანაში რომლის მოდელის გამოყენებასაც ვფიქრობთ.

ცვლილებები და გაჯანსაღება ყოველთვის საჭირო და აუცილებელია, თუმცა არა რეგულაციათა და შეზღუდვების, არამედ ეკონომიკური ზრდისა და ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხარჯზე. სწორედ ამ თეზისს ამტკიცებს 2019 წლის იანვარში მიღებული ცვლილებებისა და შედეგების შეჯამება.



მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა