მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პოსტპანდემიური წელი რთული იყო“ – „ზოდის“ გეგმები

63c64de7ec71b
ვიქტორია მღებრიშვილი
17.01.23 14:15
393
სარემონტო მასალების იმპორტიორ და რეალიზატორ კომპანია „ზოდში“ გასულ - 2022 წელს გამოწვევებით სავსე წლად აფასებენ და ამბობენ, რომ მათ ბიზნესსაქმიანობაზე პოსტპანდემიური პერიოდის გარდა რუსეთ-უკრაინის ომის გავლენაც იგრძნობოდა. მიუხედავად ამისა, კომპანიის დირექტორი ნინო დვალიძე BM.GE-სთან ამბობს, რონ „ზოდის“ გაყიდვები გასულ წელს 20%-ით გაიზარდა და 2023 წელსაც განვითარების გეგმა გაყიდვების 20%-იანი ზრდით აქვთ დაგეგმილი.

„ზოდის“ დირექტორი იმ გამოწვევებს ასახელებს, რომელსაც იმპორტიორი კომპანია გასული წლის მანძილზე აწყდებოდა და რომელიც გარკვეულწილად საქონლის რეალიზებაზე მოქმედებდა.

„ზოდის“ მაღაზიათა ქსელისთვის 2022 წელი პოსტპანდემიური წელი იყო. ზოგადად გლობალურად რთული წელი იყო, რადგან ომის ფაქტორმა მომხმარებელთა ქცევაზე დიდი გავლენა იქონია. ჩვენ არ ვიყავით დამოკიდებული რუსეთიდან და უკრაინიდან იმპორტზე, თუმცა რამდენიმე მომწოდებელი გვყავდა და დაგვჭირდა გადაწყობა. ტრანსპორტირების ღირებულება წლის პირველ ნახევარში ძალიან გაზრდილი იყო და წლის ბოლოსთვის დაიწია, თუმცა ფასებზე ძალიან ცუდად აისახა. შესაბამისად, პოსტპანდემიური წელი გამოწვევებით სავსე და რთული იყო. რადგან მომხმარებელთა შემოსავლების და ხარჯების ნაწილი ცოტა არასტაბილური იყო ერთმანეთთან მიმართებით, თუმცა უძრავ ქონებასა და ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა და ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა არის და ვთვლით, რომ მომავალ წელს ეს მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება. გასულ წელს დაწყებული სამშენებლო პროექტები წელს დასრულებისკენ წავა და ეს სარემონტო მასალებზე მოთხოვნას გაზრდის.

გასულ წელს გაყიდვების მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის გაყიდვების ზრდას ანალოგიურად გვაქვს დაგეგმილი“, - განმარტა დვალიძემ.

მისივე თქმით, გასულ წელს ხარჯები იმაზე მეტად გაიზარდა, ვიდრე თავიდან იყო ბიუჯეტირებული. ნინო დვალიძე ვერ აკონკრეტებს რა გავლენა იქონია გასულ წელს გაძვირებულმა ტრანსპორტირებამ პროდუქტის საბოლოო ღირებულებაზე, თუმცა ამბობს, რომ გარკვეულწილად ფასები ამის გამო გაიზარდა.

„წლის პირველ ნახევარში ტრანსპორტირების ღირებულება მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი, ამან პროდუქციის ღირებულება ჰპოვა ასახვა. გასულ წელს ასევე მნიშვნელოვნად გავზარდეთ სახელფასო ფონდი, კომუნალურების საოპერაციო ხარჯიც მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიუხედავად ამისა მაქსიმალურად შევეცადეთ ფასები არ გაგვეზარდა და მხოლოდ ტრანსპორტის ღირებულების ცვალებადობა აგვესახა“, - თქვა დვალიძემ.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს „ზოდი“ დაახლოებით 2 ფილიალის გახსნას თბილისსა და ბათუმში გეგმავს. ინვესტიციის მოცულობა ობიექტების ფასიდან იქნება გამომდინარე. კომპანია ამ ეტაპზე ფართის მოძიების პროცესშია.

აღსანიშნია, რომ ადგილობრივი ქვის მწარმოებელი და სარემონტო მასალების იმპორტიორ-რეალიზატორი კომპანია „ზოდი“ ჯამში 207 ადამიანს ასაქმებს.