მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოტენციალის გამოყენება უნდა მოხდეს, რათა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა არ ვიყოთ - მირცხულავა

63a70da4d569f
მარიამ ვარადაშვილი
24.12.22 18:30
840
ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა მიიჩნევს, რომ შავი ზღვის კაბელის პროექტი საქართველოსთვის უდიდესი შესაძლებლობაა და ის ქვეყანამ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს. მირცხულავა ასევე ამბობს, რომ დაუშვებელია საქართველო მხოლოდ გამტარი იყოს რეგიონის ქვეყნების ელექტროენერგიის და მნიშვნელოვანია ქვეყანამ ევროკავშირს საკუთარი გენერაციაც მიაწოდოს.

“ეს პროექტი ყველა შემთხვევაში საქართველოსთვის უდიდესი შესაძლებლობაა, თუმცა ცალსახაა რომ ქვეყანამ საკუთარი პოტენციალი მაქსიმალურად უნდა აითვისოს, რათა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა არ ვიყოთ. ეს სამხრეთ კავკასიური პროექტია და ბუნებრივია რეზერვუარის მქონე ჰიდროსადგურებითა და მწვანე ენერგიის სხვა რესურსებით უზარმაზარი როლი უნდა შეასრულოს საქართველომ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ ტრანზიტორი ქვეყანა ვიქნებით, რაც არ უნდა მოხდეს.

ამ პროექტს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების თვალსაზრისით უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, ყველამ, დაწყებული დეველოპერებიდან, დამთავრებული სამთავრობო სტრუქტურებით, უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეიძლება, რომ მივაღწიოთ ქსელის განვითარებას, გენერაციის ობიექტების მშენებლობასა და ჩვენი პოტენციალის ზრდას. ჯერ ისედაც დეფიციტური ქვეყანა ვართ [ელექტროენერგიის მოხმარების კუთხით]. ენერგოდამოუკიდებლობის პარამეტრები უნდა გავაუმჯობესოთ", - აცხადებს მირცხულავა "ანალიტიკაში".

ევროკავშირი გეგმავს წყალქვეშა გადამცემი ხაზის მშენებლობას შავ ზღვაში, რომელიც საქართველოს და შესაბამისად სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და ევროკავშირს, ამ შემთხვევაში რუმინეთს დააკავშირებს ერთმანეთს. გადამცემ ხაზს მხარეები „მწვანე ენერგიის ევროკავშირში ექსპორტისთვის გამოიყენებენ“ და მისი მოსაწყობად დაახლოებით 2.3 მილიარდი ევრო დაიხარჯება.

ამგვარი გადამცემი ხაზის შექმნის შესახებ ცნობილი პირველად ოქტომბერში გახდა, როდესაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანი გეგმავდა ევროპაში ენერგიის ექსპორტს და ამისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენებას განიხილავდა.