მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: არც ექიმები, არც პოლიცია და არც მე შეუცდომელი არ ვართ

5f98346553a6e
ინგა მურუსიძე
27.10.20 18:55
607
"ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ოცნებობს იმაზე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალოს, მეტიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ასე მოხდეს - უბრალოდ მიუღწევადია, ვერ მიაღწევენ ამას", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფოთში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, თუ რა კომენტარს გააკეთებდა ოპოზიციის ბრალდებაზე, რომ სახელმწიფო ინტიტუტები ჩამოიშალა.

მისივე თქმით, ამ კითხვაზე მარტივი პასუხია - საერთო მიზანი უნდა იყოს ქვეყნის ინსტიტუტების გაძლიერება და არა ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ ქვეყნის ინსტიტუტები დაანგრიონ, ის ინსტიტუტები, რომლებიც მოქალაქეებზე ზრუნავენ.

პრემიერის განცხადებით, დღეს, როდესაც გლობალური პანდემიაა, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ენერგიას არ იშურებს, რომ დარტყმის ქვეშ დააყენოს ეპიდემიოლოგები და ექიმები, რომლებიც ბრძოლის წინა ხაზზე არიან.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ პარალელურად, იმავე დარტყმებს აყენებენ პოლიციას და ჯარს.

„სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც საერთოა, დღეს, როდესაც გლობალური პანდემიაა, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი უბრალოდ ენერგიას არ იშურებს, რომ დარტყმის ქვეშ დააყენონ ეპიდემიოლოგები და ექიმები, რომლებიც ბრძოლის წინა ხაზზე არიან. პარალელურად, იგივე დარტყმებს დღეს აყენებენ პოლიციას, პარალელურად, იგივე დარტყმებს აყენებენ ჯარს. თქვენ რა გგონიათ, ექიმები არ ცდებიან? ფიქრობთ, რომ პოლიცია შეუცდომელია? ფიქრობთ რომ მე ვარ შეუცდომელი? ან იქნებ თქვენ ხართ შეუცდომელი? ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს ამ ქვეყნის ინსტიტუტების გაძლიერება და არა ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ ქვეყნის ინსტიტუტები დავანგრიოთ, ინსტიტუტები, რომლებიც ჩვენზე ზრუნავენ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, ოპოზიცია დაინტერესებულია იმით, რომ რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს თავდამსხმელის დაკავების პროცესი, რომ არჩევნებამდე საჭორაო საგანი იყოს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბედნიერებას ვერ მალავენ როდესაც ხედავენ ჩვენი მოქალაქეების ინფიცირების რაოდენობის ზრდას.

"გლობალური პანდემიის პირობებში, ჯანდაცვის სისტემა, ექიმები, პოლიციელები, რომლებიც სულ რამდენიმე თვის წინ იდგნენ და ჩვენს მოქალაქეებს სიცხეს უზომავდნენ, ინფიცირებული მოქალაქეების კავშირებს ადგენდნენ, ეს პოლიციელები დღეს, იმიტომ, რომ 3 დღეში არჩევნებია, არიან უბრალოდ ამორალური დარტყმების ქვეშ. მეტსაც გეტყვით - შეუძლებელია, ამომრჩეველმა არ დაინახოს ამის რეალური მოტივი რა არის. ამას ყველა კარგად ხედავს, რადგან ეს ის პოლიციაა, ეს ის ექიმები და სამხედროები არიან, რომლებიც პირველ რიგში, ჩვენს ამომრჩევლებს იცავენ და ერთი რამე იცოდეთ, ხალხი ამ ყველაფერს ძალიან კარგად ხვდება. ბევრს დავდივარ მე რეგიონებში და მარტივია, იცით, როგორ აშკარად ჩანს? დღეს, მაგალითად მთავრობა და ხელისუფლება ყველაზე მეტად არის დაინტერესებული იმით, რომ რაც შეიძლება სწრაფად, მძიმე დამნაშავე, რომელმაც მძევლები აიყვანა, რაც შეიძლება სწრაფად იყოს დაკავებული. ჩვენი მოქალაქეების ინტერესიც იგივეა, ოპოზიციის ინტერესი ეს არ არის. ოპოზიცია დაინტერესებულია იმით, რომ რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ეს პროცესი, ზოგიერთი ტელევიზია ხელსაც უშლის ამ პროცესს, იმიტომ რომ არჩევნებამდე საჭორაო საგანი იყოს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.